„ყველაფერი გაგვიგია, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული ჭირისუფალს არ გადასცეთ, არ მსმენია“

ყველაფერი გაგვიგია, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული ჭირისუფალს არ გადასცეთ, არ მსმენია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ აქციას, რომელზეც მოითხოვეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცემოდა.
შესაბამისი შეფასება ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული და მტკივნეული ფაქტი, რომელმაც მწარე რეალობაში დაგვაბრუნა. რაღაცა შუა საუკუნეების ელფერი დაჰკრავს ამ ყველაფერს . ყველაფერი გაგვიგია ჩვენ ისტორიიდან – მიცვალებულის გამოსყიდვაც, მოპარვაც, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული ჭირისუფალს არ გადასცეთ, არ მსმენია და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში აუცილებლად მოხდება გადმოცემა. როგორც ჩანს, დროის გაწელვა კვალის დაფარვას უკავშირდება, ან მათ არ უნდათ, რომ ჩვენი მოთხოვნის შედეგად იქნეს გადმოცემული ცხედარი და სურთ, რომ ეს მათივე სურვილით მოხდეს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან, აქცია სახელწოდებით – „არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილებმა მოითხოვეს, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები