ია ხუციშვილი: ძალადობისგან დაცვის თავშესაფარში, მსხვერპლთა მომართვიანობა გაზრდილია

„მსხვერპლთა თავშესაფარში ამჟამად 24 ბენეფიციარი, 19 ქალბატონი და 5 ბავშვია.
დღეისთვის ყველაზე უფროსი 54 წლისაა, თუმცა გვქონია შემთხვევა, რომ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანიც ყოფილა ჩვენთან“, – ამის შესახებ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ია ხუციშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქალებზე ძალადობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში მოხვედრილი ქალბატონები სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან.

„ჩვენთან სოციალური სააგენტოს ჩარიცხვით ხვდებიან. ვადის გასვლის შემდეგ ხდება მათი დასაქმება, ან ბინის ქირაობა მერიის შუამდგომლობით. ოჯახში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბენეფიციარის იქ დაბრუნებაც. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათი განვითარება მოხდეს და ამაში ხელს ვუწყობთ. ახლა დავამატეთ კულინარიის კურსებიც, რომელსაც ცნობილი მზარეული მანუელი უძღვება და კურსის დასრულების შემდეგ, შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ ქალბატონებს“,- აღნიშნა ია ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობისგან დაცვის თავშესაფარში მხოლოდ მეუღლეების მიერ ძალადობის მსხვერპლები არ იმყოფებიან. როგორც ია ხუციშვილმა განაცხადა, დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა იმ მიმართულებით, რომ ძალადობის მსხვერპლი პირებისგან გაიზარდა მომართვიანობა.

„ძირითადად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები მოგვმართავენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. თუმცა მხოლოდ მეუღლისგან არ მომდინარეობს ძალადობის ფაქტები, ეს შეიძლება იყოს მშობლებისგან, ძმისგან და ა.შ. დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა იმ მიმართულებით, რომ მათი მხრიდან გაიზარდა მომართვიანობა და დღესდღეობით ნაკლებად უჭირთ ქალბატონებს იმის აღიარება, რომ ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე რაიონში უფრო მეტად მძიმეა სიტუაცია, ძირითადად ერთნაირი მდგომარეობაა ყველგან. ჩვენი წარმომადგენლობა 10 რეგიონშია და უახლოეს პერიოდში ზუგდიდშიც ვხსნით თავშესაფარს“, – აღნიშნა თავშესაფრის ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ გააქტიურებულია და გაზრდილია ინფორმირებულობაც.

„სახელმწიფოც გააქტიურებულია ძალადობის წინააღმდეგ. პოლიციის თანამშრომელი მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი უფრო ქმედითია. კარგია, რომ ასეთი კამპანია მიმდინარეობს საქართველოში, ძალადობა გლობალური პრობლემაა და კარგია, რომ გაიზარდა ინფორმირებულობა და მომართვიანობა“, – განაცხადა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ია ხუციშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები