მამუკა მდინარაძე: ბიბილოვის განცხადება ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს ეწინააღმდეგება

ასეთი არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახში, რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს გადმოსვენებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, ის ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს ეწინააღმდეგება.
„ასეთი არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახში, რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს გადმოსვენებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, ე.წ. პრეზიდენტს რა მიზანი ამოძრავებს, როცა ამ განცხადებას აკეთებს. ჩვენ იგივე მოლოდინი გვაქვს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებისთვის. იგივე მოლოდინში იმას ვგულისხმობ, რომ ცხედრის გადმოსვენებას უახლოეს მომავალში ველოდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნის მარტივად შესრულება მათ არ შეუძლიათ, რადგან როგორც რუსული მედია ბიბილოვზე დაყრდნობით წერს, ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაში და ამერიკაში. თქვენ უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. მაგალითისთვის, იგივე საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას.
რუსული მედიის ცნობით, ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის არ გადაცემაზე არავინ საუბრობს, თუმცა საზოგადოებაში ეს აზრიც არსებობს“.
ჟენევის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დღეს დილით ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები