თეა გოდოლაძე: სეისმური რუკები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს

„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა, თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, სეისმურ რუკებზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც სეისმური საფრთხის გრძელვადიანი პროგნოზირებაა შესაძლებელი. მისი თქმით, აღნიშნული რუკებით, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რა მაქსიმალური სიდიდის მიწისძვრა მოხდება გარკვეულ ტერიტორიაზე.
“ცნობილია, რომ სეისმურად აქტიური ქვეყანა ვართ. სეისმური საფრთხის შეფასება გრძელვადიანი პროგნოზია, რომელიც დიდი ალბათობით გვეუბნება, რა მაქსიმალური სიდიდის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს გარკვეულ ტერიტორიაზე. გრუნტის აჩქარების განაწილება რუკაზე სეისმური საფრთხის შეფასებაა. სეისმოლოგები სწორედ ამ რუკას ვადგენთ. მიწისძვრის ინტენსივობას ბალებში განვსაზღვრავდით, თუმცა უკვე ათეული წლებია, მსოფლიო ასე არ აფასებს მიწისძვრის სიძლიერეს. ახლა უკვე გრუნტის შესაძლო აჩქარებებში გამოისახება ეს ყველაფერი, რუკის სახით. მეცნიერების განვითარებასთან ერთად, რუკებიც იცვლება. ამიტომ რუკა უნდა განახლდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, სამშენებლო ნორმების დადგენა დამოკიდებულია ამ რუკებზე, რომელიც შემდგომ სეისმო-მედეგ მშენებლობებს განაპირობებს”,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.
მან ქვეყნის სეისმური საფრთხის შეფასების რუკები წარადგინა, რომელზეც აღნიშნულია, თუ როგორ იცვლება ქვეყანაში სეისმო-აქტიური ზონები.
“1948 წლის რუკაზე, რომელიც ფანქრითაა შესრულებული, დაინახავთ, რომ სამი ფერია გამოყენებული. 8-ბალიანი ზონაა ჯავახეთი, 7-ბალიანია ცენტრალური ნაწილი და 6-ბალიანია კავკასიონის ქედი, ანუ საკმაოდ დაბალი სეისმურობით გამოირჩევა ჩვენი ზონა ამ პერიოდში. 1978 წელს კი ხდება უკვე ცნობილი მიწისძვრები, მაგალითად, დაღესტნის, ჩხალთის ცნობილი მიწისძვრა… ამ მიწისძვრის გამო შეიცვალა მდგომარეობა და 8-ბალიანი ადგილი გაჩნდა არა ერთი, არამედ სამი ზონა. 1991 წლის რაჭის მიწისძვრამ მთლიანად შეცვალა რეალობა, რომელმაც კავკასია მთლიანად მოაქცია 9-ბალიან ზონაში. სპიტაკის მიწისძვრის გამო, ჯავახეთიც მოექცა 9-ბალიან ზონაში, თუმცა ცენტრალური ნაწილი 8-ბალიანია. 1999 წელს ჩვენს სამეცნიერო გუნდს ეს რუკა მთლიანად უნდა განეახლებინა, შემოვიტანეთ ახალი გათვლები და დავთვალეთ გრუნტის აჩქარებებში. ეს რუკა საკანონმდებლო ბაზად მივიღეთ 2010 წელს. ახლა კი, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით ვმუშაობთ, რომ სამეცნიერო ჯგუფებმა განახლებული მონაცემთა ბაზით შექმნას განახლებული რუკა”,-აღნიშნა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა, თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ ბოლო რუკაზე აღნიშნული მონაცემებით, სამშენებლო კომპანიები ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები