მამუკა მდინარაძე: არ არის გამორიცხული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციები ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბდეს

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციები არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაერთიანდეს და ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბდეს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ხელისუფლებას აქვს ყველაზე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც კი შეიძლება აწარმოოს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ჰყავს ჩრდილოელი მეზობელი, ოკუპანტი რუსეთი.

“ბუნებრივია არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება დღევანდელი შევედრის განხილვის ერთ-ერთი თემა, ქეთევან ციხელაშვილი წარმოგვიდგენს ხედვას, გეგმას ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი აქტუალური და მტკივნეული საკითხი, დღესაც, ხვალაც ასე იქნება მანამ, ვიდრე ჩვენ სასურველ შედეგს არ მივიღებთ.

ხელისუფლებას აქვს ყველაზე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც კი შეიძლება აწარმოოს იმ პირობებში, როდესაც შენ გყავს ჩრდილოელი მეზობელი, ოკუპანტი რუსეთი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ის რეზოლუციები, რაც ამ დღეების განმავლობაში შეიქმნა, ემსახურება იმ საერთო, საქვეყნო მიზანს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო ბერკეტები, საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებისგან პოლიტიკის გამკაცრება შედეგზე ორიენტირებული იქნება.

ნამდვილად არ გამოვრიცავ, რომ რეზოლუციის საერთო დოკუმენტზეც შევჯერდეთ. აქ არ არის პარტიული ინტერესები გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას. აქ ყოველგვარი პარტიული ინტერესი უნდა იყოს გამორიცხული და ვიმსჯელოთ იმაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები