ირაკლი სესიაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას

“არჩილ ტატუნაშვილი არის სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. მზად ვართ, ექსპერტები გავაგზავნოთ, რამდენადაც ეს მძიმე ფაქტი ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მან ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს, რეალურად დაადგინოს, რა იყო გარდაცვალების მიზეზი.
”უმძიმესი ფაქტია, პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას, მოვითხოვთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ექსპერტები გავაგზავნოთ, რამდენადაც ეს მძიმე ფაქტი ზეგავლენას მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიან ყოფაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ე.წ ოთხოზორიას სიის შედგენასთან დაკავშირებით, სესიაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე პირების სია ისედაც არსებობს, თუმცა მზადაა ჩაერთოს ინიციატივის განხილვაში.
„ის ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, სია იქნება თუ არა, ისედაც დევნის ობიექტები არიან ნებისმიერ ვითარებაში, სადაც ხელი მიგვიწვდება. რეალურად, ასეთი აღრიცხვიანობა არსებობს, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილია რაიმე დანაშაული, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. სხვა შემთხვევში, თუ ამ ინიციატივის ფარგლებში შეიძლება დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები, სიამოვნებით მივიღებ განხილვაში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები