ნუკრი ქანთარია ოპოზიციას: თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნებ რაღაცა დამეჯერებინა თქვენი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის, „ევროპული საქართველოს“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მიმართა.
იგი უმცირესობის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, არამარტო მას, არამდე ქართულ საზოგადოებასაც არ სჯერა ოპოზიციის.
“ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზედაპირულად სწორია და რაღაცა გულწრფელობის იმიტაციაც ახლავს თან. საკითხი მართლა ძალიან რთული და საფრთხილოა. ყველას აქვს თავისი გარკვეული ინტერესები და ესეც ბუნებრივია. გამოკვეთილია აქ თქვენი ინტერესი. თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნებ რაღაცა დამეჯერებინა, მაგრამ თქვენ, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, შეურაცხყოფაში, ძალიან ძნელია დავუჯერო. არა მარტო მე არ მჯერა, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სჯერა ეს. შეიძლება მართლა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ დავსვათ მწვავე კითხვები, ისიც შეიძლება, რომ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ ეს დრო მოვიდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. სცენარი ზედაპირზეა, თუმცა მომზადებულები ხართ, გულწრფელობის იმიტაცია გაგაჩნიათ, მაგრამ კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი. რას რა უნდა მოყვეს და ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხვა გინდათ, კარგად ვიცით. ახლა საუბრობთ სათაურზე. სათაურში რა იქნება, დიდ გასეირნებას დაარქმევთ თუ მცირეს, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პირადი სარგებელი მონახოთ. ჩვენი ინტერესია ქვეყნის უსაფრთხოება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები