“ჩვენი ოპონენტების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არაა შედეგის მომტანი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”

“ჩვენი ოპონენტების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არაა მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე მცირე მეწარმეების საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით,  ოპოზიციის მხრიდან ინიცირებულ ორ კანონპროექტზე წერს:

„1.„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა მცირე ბიზნესისთვის არსებული ზღვრის 200 000 ლარამდე გაზრდას, თუმცა 5 პროცენტიანი განაკვეთი რჩებოდა უცვლელი.

2. „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა მცირე ბიზნესისთვის (100 000ლარამდე შემოსავლის მქონე მეწარმე ფიზიკური პირების) საერთოდ გათავისუფლებას გადასახადისგან.

საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს ინიცირებული კანონის პროექტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 % -ისა. 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.

შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება. არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა სრულად განსხვავებულია იმ შეთავაზებისგან, რაც გააჟღერეს ჩვენმა ოპონენტებმა პარლამენტში.

შეგახსენებთ, რას ითვალისწინებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი. დოკუმენტი ითვალისწინებდა მხოლოდ ზღვარის გაზრდას 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე და განაკვეთის უცვლელებად დატოვებას, რაც არსებითად უმნიშვნელო შეღავათია მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანოპროექტით, ზღვარი იზრდება 5-ჯერ (ნაცვლად 2-ისა) და განაკვეთი მცირდება 5-ჯერ (ნაცვლად უცვლელად დატოვებისა).

ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის განულებას და ზღვარის უცვლელად დატოვებას 100,000 ლარამდე.

ვერც ეს ინიციატივა არსებითად ვერ წაახალისებდა მცირე მეწარმეებს, ვინაიდან არ მისცემდა მათ ზრდის შესაძლებლობას. პირიქით,ზღვარის ზევით მქონე პირებს გაუჩენდა გადასახადებისაგან თავის არიდების მოტივაციას.

მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ერთი მხრივ ზღვარი იზრდება 5-ჯერ რაც მნიშვნელოვანი სტიმულია მცირე მეწარმეებისათვის რომ ორიენტირებული იყვნენ ბიზნესის ზრდაზე (ინიციატივა ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100% 120,000 პირს), მეორე მხრივ 5-ჯერ შემცირებული (მინიმალური) საგადასახადო განაკვეთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მათი სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისათვის.

გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, ჩვენი ოპონენტების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არაა მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მაშინ როდესაც მთავრობის,ფინანსთა სამინისტროს მიერ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა, განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის, ინიციატივა სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. მისი მიზანია, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში იყოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება“,- წერს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები