დიმიტრი ხუნდაძე: ვეთანხმები პრემიერს, „ქართული ოცნება“ 2012 წელს ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას და ღირებულებებს უნდა გაუფრთხილდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერის მიერ მოსამართლეების დანიშვნასთნ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არამხოლოდ პრემიერში, არამედ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში გააჩინა კითხვები.
მისი თქმით, ეს ის ხალხია, რომელმაც 2012 წლის გამარჯვება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიტანა.
„მართლია, სასამართლო დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მის საქმიანობაში ვერ ჩავერევით, მაგრამ, რადგან საზოგადოება საბოლოო პასუხისმგებლობას მაინც მმართველ გუნდს აკისრებს, მათთან ერთად კითხვების დასმის უფლება გვაქვს და ამ კითხვებზე პასუხს ჩვენც ველით. ეს ის ხალხია, რომელმაც 2012 წლის გამარჯვება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიტანა და რომელთათვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სულხან მოლაშვილის მიმართ გამოტანილი უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება იყო. დემოკრატია ის მონაპოვარია, რომელიც ხელისუფლებას მთელ რიგ საკითხებში ჩარევისაგან ზღუდავს, მაგრამ, ასეთი საკითხები საზოგადოებისთვის უპასუხოდ არ უნდა რჩებოდეს.
გუშინ, საქართველოს პრემიერმა ალბათ ბევრი ჩვენი თანამებრძოლის გულში დაგროვებული სიტყვები ამოთქვა. ეს ეხებოდა იმ ღირებულებებს, რომლითაც ეს გამარჯვება მოვიპოვეთ და რის შესახებაც კითხვები უკვე თავად ამ ხალხში ჩნდება. ისტორიას აქვს ერთი პრინციპი – ყველა ბრძოლა გამარჯვებით ან დამარცხებით სრულდება, მაგრამ ბოლომდე მიდის. ჩვენს მიერ დიდი გამარჯვებით დაწყებული ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად როგორც ჩანს, ჯერ არ დასრულებულა. 2012 წელს ხალხში დაბადებული ემოცია განელდება მხოლოდ მაშინ, როცა იმ დროის მთავარ დანაპირებს იგრძნობს საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოცია უფრო ბობოქარი გახდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულ საკითხზე გუშინ პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა. „რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები