სოფელ კალაურის ტაძარში ნაპოვნი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა

გურჯაანის სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა. imedinews-ის ინფორმაციით, განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის. ამ მონაცემებს ის სპეციალისტები ადასტურებენ, რომლებმაც ასომთავრულ წარწერას რამდენიმე კვირის განმავლობაში დეტალურად სწავლობდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე ამბობს, რომ წარწერის თითქმის ნახევარი დაზიანებულია და მთლიანი ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია.

,,წარწერა შევიწავლეთ, გავაკეთეთ მისი ასლები და ორიგინალური ტექსტი ისე გადმოვიტანეთ, რომლის დაახლოებით 40% ძალიან დაზიანებულია, ამიტომ ერთიანი ტექსტის გააზრება შეუძლებელია. თუმცა გარკვეული მონაცემები გვეუბნება, რომ აქ კვირიკე მეფე არ უნდა იყოს გარდაცვლილი, მართალია მასზე საუბარია, თუმცა სამარხი მის ქალიშვილს ელენე დედოფალს ეკუთვნის. წარწერა პალეოგრაფიული მონაცემებით XI საუკუნის დასაწყისისკენ მიდის. ჩვენ ვიცით, რომ რანთა და კახთა მეფე, რომელიც აქ არის მოხსენიებული იყო კახურ სამეფო გვარში ორი: ერთი კვირიკე, რომელიც კვირიკე დიდად იყო წოდებული და ცხოვრობდა XI საუკუნის დასაწყისში, ხოლო მეორე კვირიკე, რომელიც XI-XII-ის დასაწყისში მოღვაწეობდა. აქ საუბარია სწორედ კვირიკე დიდზე. აღასანიშნავია, რომ ასული ელენეს ცნობას სხვა წყაროებში, სამწუხაროდ, არ ვხვდებით. ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ მეფეს ვაჟიშვილი არ ჰყოლია”, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.
სამარხზე კიდევ რამდენიმე მინიშნებაა. მაგალითად ,,ვინმე“ დემეტრე, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით, სამეფო გვარიდან არის და ის დემეტრე უფლისწულის – ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი I-ის შვილი უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდით, სწორედ მას ჰყავდა ცოლად კვირიკე III-ის ქალწული, დედოფალი ელენე.
“ვინმე” დემეტრე მაღალი სტატუსის, სავარაუდოდ, სამეფო გვარიდან უნდა ყოფილიყო. იმ პერიოდში კი მოღვაწეობდა დემეტრე უფლისწული – ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი I-ის შვილი (მეორე ცოლისგან ალდე დედოფლისგან). განსასვენებელზე მინიშნებას ვკითხულობთ, სადაც საუბარია წყევლაზე იმ პირის მიმართ, ვინც სამარხს გახსნის”,- აცხადებს სპეციალისტი.
კვირიკე III-ის სამარხის აღმოჩენის შესახებ პირველად ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. განსასვენებელი მონასტრის რეაბილიტაციის დროს აღმოაჩინეს. საპატრიარქომ კი მის გახსნაზე ჯერჯერობით უარი განაცხადა.
კვირიკე III-ის მოღვაწეობა (1010-1037 წწ) კახეთ-ჰერეთის გაერთიანებას უკავშირდება, რის გამოც მან მეფის ტიტული მიიღო, სამეფო კი ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო და დედაქალაქად თელავი გამოაცხადა. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. ისტორიული ცნობებით, თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III ოსმა მონამ მოკლა.

წყარო: „იმედინიუსი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები