„რუსთავი 2“-ს არასოდეს მოუხდია ბოდიში იმ ტრავმებისთვის, რაც ამა თუ იმ პიროვნებას მიაყენეს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ოთარ ჩრდილელი ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის ხელმძღვანელების ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ საგანგებო განცხადებას ეხმაურება. ჩრდილელის შეფასებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2“ დეზინფორმაციის მძლავრი იარაღია, რომელსაც ფარულ მოსმენებსა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევებით ცნობილი წინა ხელისუფლება იყენებდა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია უაპელაციოდ და უსამართლოდ ეწეოდა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ შავ პიარს.
“სამართალდამცავები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-ის ხელმძღვანელობის განცხადებით. მანამდე კი ისტერიკაში ჩავარდნილ ჩემს ძველ და ახალ კოლეგებს (ჟურნალისტებს და დეპუტატებს) ვთხოვ, მაპროვოცირებელი განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ვადროვოთ შესაბამის ორგანოებს, რათა აწარმოონ გამოძიება. ჩემთვის აღნიშნული ტელეკომპანია გახლავთ დეზინფორმაციის მძლავრი იარაღი, რომელსაც მშვენივრად იყენებდა ფარულ მოსმენებსა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევებით ცნობილი წინა ხელისუფლება. მინდა, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ფაქტი, რომელსაც ბოლო წლებში ხელაღებით ავრცელებდა და ღია პროპაგანდირებას უწევდა ეს ტელეკომპანია. ყველას კარგად გახსოვთ, თუ როგორი მიზანმიმართული შავი PR იყო აგორებული ოპოზიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუ როგორ ცდილობდნენ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების უაპელაციოდ დამნაშავედ გამოყვანას, ეს განსაკუთრებით კარგად უნდა ახსოვდეს ,,ჟურნალისტ“ დავით კიკალიშვილს. კახა კალაძეზე აგორებულ უსინდისო ჭორის ავტორად თავის დროზე პირადად მე ეს ტელევიზია დავასახელე. მათთვის მთავარი იყო, ოპოზიციის ლიდერებისათვის ტალახის შესხმა და ისინი მუდამ უნდა ყოფილიყვნენ თავის მართლების რეჟიმში. ამ ტელევიზიას და დღეს ენის ჩლექით მოსაუბრე მათ ხელმძღვანელობას არასოდეს არ მოუხდია ბოდიში იმ ტრავმებისათვის, რაც აღნიშნულ თუ სხვა პიროვნებებს მიაყენეს. დიახ, აღნიშნული ტელეკომპანია წლების მანძილზე ეწევა – ფაქტების დამახინჯების და უტრირების მანკიერ პრაქტიკას. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი“,- წერს ოთარ ჩრდილელი.