„ხელისუფლებამ და შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატონ“
ჟურნალისტური ქარტიის თავმჯდომარე თამარ რუხაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ თამარ რუხაძემ განუცხადა, ტელეკომპანიაში სათვალთვალო კამერების შესახებ ინფორმაცია, პრესკონფერენციამდე რამდენიმე წუთით ადრე, ნიკა გვარამიასგან შეიტყო.
„მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფაქტის შესახებ, პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, „რუსთავი 2“- ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დროს შევიტყვეთ. „რუსთავი 2“ – ის ხელმძღვანელობამ ჩვენც გვაჩვენა ის ჩანაწერი, რომელიც შემდეგ ეთერში გამოქვეყნდა. ამ დროისთვის არსებული პირველადი ინფორმაცია, რაიმე ერთმნიშვნელოვანი დასკვნების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. თუმცა, რისი თქმაც შესაძლებელია, ჩემი აზრით, არის ის, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი რეაქცია უნდა გამოხატონ. პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. კითხვები, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაჩნდა, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს, როგორ, რა ვითარებაში, როდის, რა მიზნით და ვის მიერ ხორციელდებოდა ფარული მიყურადება.
როგორც თავად „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელობა ამბობს, ამ ორი ვიდეოჩანაწერის გარდა, მათ აქვთ კიდევ სხვა ფარული ჩანაწერებიც, ოღონდ აუდიო, სატელეფონო, ბუნებრივია, შეკითხვები შეეხება ამ სხვა ჩანაწერებსაც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია და მისი ნაბიჯები“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას თამარ რუხაძე.