21 თებერვალი იუნესკომ მშობლიური ენის დღედ აღიარა

21 თებერვალი იუნესკომ მშობლიური ენის დღედ აღიარა.

http://www.unesco.org/…/…/international-mother-language-day/

ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს, ბანგლადეშის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.
საქართველოში ქართული ენის შენარჩუნების საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1978 წელს. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.
იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. 2016 წელს UNESCO – მ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.
ცნობისათვის: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში – გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა  მე-11 სესიაზე მიიღო.
აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ნომინაციის მომზადებაში ჩართული იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები.  2015 წლის 19 მარტს „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები