ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – შეფასებები ოკუპირებულ რეალობაში“ გაიმართება

23 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება გამოფენა – “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – შეფასებები ოკუპირებულ რეალობაში“.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოფენის მიზანია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და ოკუპაციის კვირეულის აღნიშვნა და კიდევ ერთხელ შეფასება. იმ ადამიანების წარმოჩენა, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს. არ იციან მათი შეურიგებელი დამოკიდებულებისა და ბრძოლის შესახებ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლების რესპუბლიკის, დამოუკიდებლობის დაბრუნების მოვლენის შეფასებები იმ პირთა მიერ, რომელთა მოღვაწეობაც უკავშირდება საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, თუმცა ისინი არ წასულან ემიგრაციაში, მათ გააგრძელეს ცხოვრება და მოღვაწეობა რუსული ოკუპაციის პირობებში.
გამოფენაზე მნახველი იხილავს კათოლიკოს-პატრიარქების: კირიონ II-ის, ამბროსი ხელაიას ქადაგებებს; ექვთიმე თაყაიშვილის, დუტუ მეგრელის, ვასილ კარბელაშვილის, ანასტასია ხოშტარიას პირად არქივებს. მაგალითად,  ვასილ კარბელაშვილის წერილს გაგზავნილს სტალინისადმი, სადაც ის დაუფარავად საყვედურობს მას ქართული ტერიტორიების, ქართველი ხალხის ხელყოფის, უძველესი ძეგლების დანგრევისა და განადგურების შესახებ;
ასევე პოეზიას, რომელიც ასახავს გასაბჭოებულ საქართველოში გაბედული ადამიანები როგორ აფასებენ 26 მაისს ან 25 თებერვალს; რადიო „თავისუფლების“ ჩანაწერებს 26 მაისის შესახებ; მემორიალურ ნივთებს.
ღონისძიება ასევე მოიცავს ლექციას თემაზე – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთის მიერ ოკუპირების პრობლემა ევროპულ პოლიტიკაში 1920-იან წლებში და საბჭოთა რეჟიმის დისკურსი ოკუპაციის პრობლემის განეიტრალებისთვის“. წაიკითხავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.
გამოფენა 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები