თოვლის მომწყდარმა მასამ უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მაჩუბი დააზიანა

უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა მურმან ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბი დააზიანა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ტრადიციული სვანური საცხოვრისის სახურავს ახლომდებარე საგვარეულო კოშკის სახურავზე ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა, რომელიც გადმოთოვის აუცილებელი პროცედურის განუხორციელებლობის გამო წარმოიქმნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ადგილზე უკვე მობილიზებული ჰყავს ჩაჟაშის ახლად შექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრევენციის სახით, ჯგუფის წევრები ამავდროულად იმ საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან, რომელთაც მესაკუთრეების არყოფნის მიზეზით გადმოთოვის პრობლემა აქვთ. საჭიროების შემთხვევაში კი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები აუცილებელ ღონისძიებებს განახორციელებენ.
ნიჟარაძის კომპლექსის მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წელსვე, ჩაჟაშის კომპლექსური რესტავრაციის პროგრამის ფარგლებში აღადგენს. 2 წლის წინ რესტავრირებული საცხოვრისის დაზიანებული სეგმენტების რეაბილიტაციას კვლავაც კომპანია „თავერსი პლიუსის“ სპეციალისტები განახორციელებენ.
რესტავრაციის პროცესი ჩაჟაშში მიმდინარე წლის აპრილის თვიდან განახლდება. პროგრამის ახალი ეტაპიც, წინა წლებში განხორციელებული სამუშაოების მსგავსად, სარეაბილიტაციო ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს. წელსვე იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჯამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
ჩაჟაშის რეაბილიტაციის პროცესი 2014 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“ ) დაფინანსებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულადაა აღდგენილი 30 ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულებულია ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც. რეაბილიტაციის პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები