ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ გამოცხადდა

ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსი გამოცხადდა. 2018 წელს ეს პრემია 6 ნომინაციაში გაიცემა:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.

როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2017 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7/8 ივნისს.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;
საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად).
კონკურს „ლიტერას“ მწერალთა სახლი კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები