“ხაშურის გამგეობამ და ბაღების გაერთიანებამ მოქალაქეები სამსახურში პირადი შეუთავსებლობისა და შშმ პირის სტატუსის გამო არ მიიღეს”

0

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების – საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა და გამოცხადებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვა, – “სამ მოქალაქეს პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ხოლო ერთ მათგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო, უარი ეთქვათ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობების დაკავებაზე”.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სამი ადგილობრივი მკვიდრი – ი.გ, თ. ლ. და მ.ღ. მათ წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ გასაუბრების ეტაპზე.

“თითოეული მათგანის სამუშაო გამოცდილება, მონაცემები და პროფესიული უნარ-ჩვევები სრულად აკმაყოფილებდა კონკურსის მონაცემებსა და ამავდროულად, მიუთითებდა მათ უპირატესობას ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში გასამარჯვებლად, თუმცა გასაუბრება, რომელიც დებულების თანახმად უნდა დაფუძნებოდა სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და ამავდროულად მიმართული უნდა ყოფილიყო კანდიდატების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების იდენტიფიცირებისთვის, წარიმართა არაობიექტურად. კონკურსის ფარგლებში დაირღვა მოსარჩელეთა შრომითი უფლებები და ამავდროულად, წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები შეირჩნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შეუსაბამოდ, გამჭოლი ნეპოტიზმისა და პირადი ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საკონკურსო კომისიის დებულების, საქართველოს შრომით-სამართლებრივი კანონმდებლობის, კონსტიტუციური პრინციპების პირდაპირ დარღვევასა და განაპირობებს კანონთან შეუსაბამო აქტების ბათილობის აუცილებლობას”,- განაცხადა იურისტმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საკონკურსო კომისიამ თავისი უფლებამოსილება განახორციელა კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.

“ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს პირებმა, რომლებიც დაწინაურდნენ კომისიის თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან პირადი შემხებლობის გამო. ამასთან, რაც ყველაზე საგანგაშოა, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ი. გ. აღმოჩნდა პირდაპირი დისკირიმინაციის მსხვერპლი. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და გაერთიანების მთავარმა სპეციალისტმა, განუცხადა, რომ „ბევრი კანდიდატი ეკონომიური და ოჯახური მდგომარეობის გამო იქნა დაწუნებული, ზოგს კი უარი ეთქვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო” (სტილი დაცულია). განსახილველ შემთხვევაში, ი.გ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ პაკეტს, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა, არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, საქმიანობა საამღზრდელო დაწესებულებაში გაეგრძელებინა. ორგანიზაცია საქმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო სისტემას და შრომით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც საქმეზე მონიტორინგის განხორციელება ეთხოვათ”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით მიიღო.

“მხარეს გააჩნია არაერთი შუამდგომლობა და მტკიცებულება, რომელიც სააღმზრდელო დაწესებულების კონკურსში დისკრიმინაციის ფაქტის ნამდვილობაზე მიუთითებს”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”

პირველი სხდომა მიმდინარე  წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება. დავას მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი განიხილავს.

R

კომენტარები

კომენტარი