ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

„ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებულია, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და  საბოლოო ცვლილებებში აისახება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში უყრის კენჭს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის ექსპერტების მოკლევადიანი ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაცვლას ემსახურება.

„ვენეციის კომისია სრულად არის ჩართული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში და მისი დაწყების ეტაპიდან დასასრულამდე  ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ ბოლო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ვერსია, რომელიც ძირითად ტექსტში სწორედ მათი რეკომენდაციების ასახვას ემსახურებოდა. ეს არის საკმაოდ მოკლევადიანი ვიზიტი, რომელიც ამ ცვლილებების თაობაზე ერთმანეთში მოსაზრებების კიდევ ერთხელ გაცვლას ემსახურება. რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად აღქმული და მიღებული, რომ ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გაგვიზიარა, ფაქტობრივად, სრულად არის გათვალისწინებული და უკვე საბოლოო ცვლილებებში აისახება”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, მოამზადებს დოკუმენტსაც.

„გარკვეული მოკლე დოკუმენტი, ალბათ, მომზადდება ვენეციის კომისიის მიერ დასასრულ ეტაპზე,  მარტის შუა რიცხვებში. ველოდებით მოკლე და პოზიტიურ შეფასებას იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა შეასრულა თავისი პირობა და ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში გამოთქმული რეკომენდაციები  ცვლილებების ძირითად ტექსტში ასახა”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტის მეორე ნახევარში განიხილავს, სრულყოფს ძირითად ცვლილებებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მათ სრულ შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრის,  ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუს თქმით, საქართველოში ვიზიტი ბოლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების გაზიარებაა.

„ჩვენ თავიდან არ ვხსნით დისკუსიას. ჩვენი ვიზიტის  მიზანია,  შევიტყოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება ამ ეტაპზე ცვლილებები და ამის  შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინფორმაცია მოგვაწოდა”,- განაცხადა ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუმ. მისივე თქმით, მომზადებულ ანგარიშს  ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე,  16-17 მარტს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები