“მნიშვნელოვანია, განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველთა მიმართ” – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება

„იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული,”- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. პრემიერმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ ჩვენი მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ასევე, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში, მოგეხსნებათ რომ მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს, ასევე, სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ,  ეს ახალი მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება – რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ შესაძლო გადაცდომებს,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მოკლე პერიოდში ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები