2011 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 33 სისხლის სამართლის საქმე განიხილა – რამდენ მათგანზე გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი

2011 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 33 სისხლის სამართლის საქმე განიხილა – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული 33 სისხლის სამართლის საქმიდან, შვიდი სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაგან 2 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი, ხოლო 5 საქმეზე – გამამართლებელი განაჩენი.
„2011 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა 33 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 26 სისხლის სამართლის საქმე დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით. ზემოაღნიშნული 26 სისხლის სამართლის საქმიდან, 19 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე ან/და 108-ე მუხლებით), 2 საქმე გადაკვალიფიცირდა შემამსუბუქებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაზე, 2 საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლთან ერთად წარდგენილ სხვა ბრალდებებში, 2 საქმეზე დადგა სრულად გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 1 საქმეზე დადგა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული 33 სისხლის სამართლის საქმიდან, შვიდი სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაგან 2 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი, ხოლო 5 საქმეზე – გამამართლებელი განაჩენი“, –აღნიშნულია ანგარიშში.
პროკურატურის ცნობით, 2017 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე გამოსვლის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადამზადდა 63 პროკურორი.
„ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურის პროკურორების, მოსამართლეებისა და ადვოკატების მონაწილეობით, გაიმართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესები. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის მუშაკებისთვის ჩატარდა ტრენინგი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტების თემაზე, რომელშიც ჩართული იყო 22 პროკურორი. სწავლების შედეგად მსმენელები გაეცნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ევროპული სტანდარტებსა და ევროკონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებულ საკითხებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი პროკურორების, ადვოკატებისა და მოსამართლეების შემადგენლობით. ჯგუფის მიერ მომზადდა ინსტრუქციები მოსამართლეებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე გამოსაყენებელი კანონის განმარტებების შესახებ. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ინიციატივით მომზადდა დოკუმენტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ჭრილში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებზე. აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს პროკურორების მიერ საპროცესო მოქმედებების განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღებასა და გათვალისწინებას. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. საქართველოს პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ზემოაღნიშნული ნაბიჯები უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიან მხარდაჭერას, რაც აისახება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე“, –აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები