„მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რათა გვქონდეს სრული სურათი, როგორ დარეგულირდება სარეზერვო სამსახური როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სარეზერვო სისტემის არამხოლოდ სამართლებრივი რეგულირება, არამედ ის, თუ როგორ მოხდება პრაქტიკაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის დანერგვა და შემდგომი განვითარება – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს საკომიტეტო მოსმენის წინ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, რაზეც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს იქნება საუბარი.

„აღნიშნული პროექტი, კომიტეტის ფარგლებში, ჯერ კიდევ მისი მომზადების პროცესში განვიხილეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სარეზერვო სისტემის არამხოლოდ სამართლებრივი რეგულირება, არამედ ის, თუ როგორ მოხდება პრაქტიკაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის დანერგვა და შემდგომი განვითარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციული საკითხები: თუ ვინ იქნება მმართველი რგოლი, როგორ მოხდება გაკონტროლება, როგორ მოხდება ზედამხედველობა. ეს ის საკითხებია, რომელიც შეიძლება კანონში არ იყოს მოცემული, თუმცა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულება და ფუნქციაა, რომ ეს საკითხები დარეგულირებული წარმოაჩინოს. პროექტის მეორე მოსმენის დროს ჩვენ მუხლობრივად გავყვებით. მუხლებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები არსებობს, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. აქ ძალიან ბევრ დეტალზეა საუბარი: ეს არის გადავადება, სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან გათავისუფლება, წვევამდელებთან დაკავშირებული საკითხი. ეს ის დეტალებია, სადაც ჩარევა შეიძლება ჩვენი ფუნქცია არ იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ როგორ დარეგულირდება სარეზერვო სამსახური როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში როგორ მოხდება მისი განვითარება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები