კიდევ ერთი უკმაყოფილო მშობელი და ბაღის პასუხი აღსაზრდელის დედას – “წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა”…

ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღის ABC-ის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა, თამუნა ჩუხუა სოციალურ ქსელში აღნიშნულ ბაღს გულგრილობაში ადანაშაულებს. როგორც მშობელი წერს, მისი შვილი ერთი თვე ავადმყოფობის გამო ბაღში ვერ დადიოდა, თუმცა ადმინისტრაციამ მათ იანვრის თვის სრული საფასურის-350 ლარის გადახდა მაინც მოთხოვა. მათივე განმარტებით კი ეს ხელშეკრულებაში იყო მითითებული. თამუნა ჭუხუას ინფორმაციით, ბაღის მიდგომა წინა წლებთან შედარებით შეცვლილია და ბავშვზე კი არა, ფულის მიღებაზეა ორიენტირებული. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვი სხვა ბაღში გადაიყვანოს. თუმცა მშობელს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აწუხებს და უჭირს იმის ახსნა, თუ რატომ გადადის ის სხვაგან.

“ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღის ABC ადმინისტარაციას, კერძოდ, (ნადირაძის ქ.28) ფილიალს!
დღეს ჩემთვის წარმოუდგენელი ფაქტი მოხდა, ჩემი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ დადიოდა საბავშვო ბაღში მთელი იანვრის თვის განმავლობაში, რის შესახებ წინასწარ იყო ბაღის ადმინისტრაცია ინფორმირებული. მხოლოდ ბოლო ორი დღე, კერძოდ 29-30 იანვარს მივიყვანეთ ბაღში, რის შედეგადაც ისევ მოხდა მისი ვირუსით დაავადება. როდესაც დავურეკე ბაღის ადმინისტრაციას და ვაცნობე ბავშვის მდგომარეობა, მათი პასუხი იყო შოკისმომგვრელი ჩემთვის!!! ე.წ “მენეჯერმა” მიპასუხა შემდეგი, რომ ჩვენ უნდა გადაგვეხადა იანვრის თვის სრული საფასური 350 ლარი, არ აინტერესებდა ბავშვი დადიოდა თუ არა ბაღში და თებერვლიდან იგი (ბავშვი) გარიცხული იყო ბაღიდან???!!! ვინაიდან ასე იყო მითითებული ხელშეკრულებაში! (აღნიშნულ ხელშეკრულებას როდესაც გაეცნო ჩემი მეუღლე, წინააღმდეგი იყო ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის და მთავაზობდა ბავშვის სხვა ბაღში გადაყვანას, ვინაიდან ბაღის მიდგომა წინა წლებთან შედარებით შეცვლილი იყო და ორიენტირებული გახლდათ ფულის მიღებაზე და არა თვითონ ბავშვზე). მიუხედავად ამისა, ბავშვის თხოვნით დათანხმდა ამ ბაღში ბავშვის დატოვებას.
ძალიან და სამართლიანად გამაღიზიანებელი იყო ამ ე.წ “მენეჯერის” ტონი! ვფიქრობ, მიუღებელი და დაუშვებელია ასეთი ფორმით მიმართო მშობელს! მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი რამოდენიმე დღეში შევატყობინებდი ბავშვის მდგომარეობას და თან წარვუდგენდი ცნობას ჯანმრთელობის შესახებ, მათ მიპასუხეს, სამწუხაროდ ჩვენთან ასე ხდება, ბავშვს ამოვრიცხავთ საბავშვო ბაღიდან.
ჩვენმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვის, ამ ბაღში დატოვება ნამდვილად არ შეიძლება! აღნიშნული ,,ბაღის” დამოკიდებულების პრინციპი 2017-18 წლებში (ბავშვი ბაღში დადიოდა 4 წლის განმავლობაში) თავის აღსაზრდელებთან და მის მშობლებთან, რომელიც სამწუხაროდ გამოიყურება ასე (ერთი ბავშვი = 350 ლარს) სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ პრინციპებს. ნებისმიერი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის მთავარი უნდა იყოს ბავშვი და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა! დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ ავუხსნა ბავშვს, თუ რატომ უნდა გადავიყვანო სხვა ბაღში. ვიგონებ ათასნაირ ზღაპრებს, რომ არ დავაზიანო მისი ფსიქიკა! მის ნათქვამს ,,მე ჩემს ჭორიკნებთან (მისი ძალიან ახლო დაქალები) მინდა, ან/და ,,სხვა ბაღში, რომ გადავალ ჩემს ძველ მეგობრებთან ერთად ვივლი დაბადების დღეებზე?” მიჭირს პასუხი მოვუძებნო! ეს ბავშვისთვის ძნელი ასახსნელია! საინტერესოა ამას თქვენ როგორ აუხსნიდით?! თუმცა თქვენგან არამარტო ახსნა, არამედ, თქვენთვის ბავშვის ნდობა არის სავალალო!!! რა თქმა უნდა, არ შემოვიფარგლები ფეისბუქის სტატუსით და ეს საკითხი ასე არ ჩაივლის!!!”-წერს თამუნა ჩუხუა.

“კვირა” აღნიშნული საკითხის გადამოწმებას ბრიტანულ-ქართულ საბავშვო ბაღ ABC-ში შეეცადა, სადაც ბაღის მენეჯერმა, ნინო გოცაძემ ბავშვის გარიცხვის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ბავშვი ბაღიდან არ არის გარიცხული. ხოლო თანხის გადახდას რაც შეეხება, მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ამ თემასთან დაკავშირებით წერია, რომ გაცდენილი დღეები არ იქვითება. ბავშვის ბაღში დაბრუნების შემდეგ მშობელს სწორედ ეს განუმარტა მეორე მენეჯერმა, მედეა ტოტიკაშვილმაც. როგორც ბაღში განგვიცხადეს, ამავე მშობელთან თამუნა ჩუხუასთან მსგავსი პრობლემა გასულ წესლაც იყო, მაგრამ მაშინ ბავშვის ავადმყოფობის გამო, გარკვეული შეღავათი გაუწიეს, თუმცა მისი თქმით, ახლაც ასე ვერ იქნებოდა. ნინო გოცაძისთვის ისიც გაუგებარია თუ რატომ საუბრობს მშობელი მისი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როცა ბავშვი ჩვეულებრივად ირიცხება სიაში. მენეჯრის თქმით, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოჯახი ეს უკვე მათი საქმე აღარაა.

“ბავშვი ბაღიდან არ არის გარიცხული და არც გარიცხულა, ეს არის ტყუილი. კერძო ბაღია და გვაქვს ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ გაცდენილი დღეები არ იქვითება. ამაზე მშობელი აწერს ხელს და არის თანახმა. ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ კიდევაც, რომ თანხა არ არის და მას დაახლოებით 4 იანვრისთვის მესიჯიც მიუვიდოდა ამის შესახებ. თუმცა ბავშვი ავადმყოფობის მერე ჩვეულებრივად მოვიდა ბაღში. სწორედ ამის შემდეგ გვკითხა მშობელმაც თანხაზე და ხელშეკრულებაში რაც არის, იმის მიხედვით უთხრა მეორე მენეჯერმა, მედეა ტოტიკაშვილმაც. მშობელი თანხას აღარ იხდის მას შემდეგ, რაც ბავშვი აღარ ირიცხება სიაში, ჩვენც ასე ვუთხარით, რომ თუ ბავშვი შემდეგ თვეშიც არ ივლიდა, გაეყვანა და ამ შემთხვევაში თანხის გადახდაც არ მოუწევდა. თორემ სხვა შემთხვევაში გადახდა ჩვეულებრივად ხდება, თუ ბავშვი ირიცხება თანხაც უნდა გადაიხადოს მშობელმა. მისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, შარშანაც ჰქონდა ასეთი შემთხვევა, ბავშვი ცუდად იყო და დირექტორთან შეთანხმებით და გარკვეული შეღავათით ნახევარი თანხა გადაიხადა, ანუ იცის რა და როგორ ხდება. მაგრამ ყოველთვის არ ხდება ასეთი შეღავათები. არავის არ გაურიცხია ბავშვი და ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რატომ საუბრობს, გაუგებარია. ბავშვი იანვრის თვეში და თებერვლის თვეში ჩვეულებრივად ირიცხება სიაში, მშობლის ნებართვის გარეშე ჩვენ არავინ გაგვირიცხავს. ყოფილა დავალიანებები, მაგრამ შემდეგ დაფარულა და ბავშვებიც ჩვეულებრივად ყოფილან ბაღში. ახლა რა გადაწყვიტა ამ ქალბატონმა, ეგ უკვე ჩვენი საქმე აღარ არის, დღეს დარეკა და გვითხრა, რომ აღარ ივლის ბავშვი, ბატონები აქვს და იანვრის თვეს დავფარავო”,-განაცხადა ნინო გოცაძემ.

ბაღის მენეჯრთან საუბრის შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “კვირას” ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღის ABC-ის დირექტორი და დამფუძნებელი ლიკა კაპანაძე თავად დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ ისტორიაში ბავშვის გარიცხვის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამასთან, როგორც დირექტორი აცხადებს, მათი რეპუტაციის შელახვის საშუალებას ამ გზით არავის არ მისცემს. როგორც ბაღის დირექტორმა აღნიშნა, ბავშვს დღესვე შეუძლია მივიდეს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მეცადინეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები