თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დანადგარებით აღჭურვის პროცესი დაიწყო

“საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვის პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის.

სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანის თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვის პროცესი დაიწყო. ამერიკაში შეკვეთილი წარმოების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დანადგარები საქართველოში მომდევნო კვირას ჩამოვა. ქარხნისთვის უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკური მოწყობილობა, 2 ავტოკლავი (ყველაზე მნიშვნელოვანი და გაბარიტული ნაწილი, რომელიც პროგრამული მართვის ჩარხებზე დეტალების დამუშავებაზე აგებს პასუხს) Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს.

“საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისთვის 60-მდე თანამშრომელია დასაქმებული. 2018 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 80-ზე მეტს მიაღწევს, ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადება ისრაელსა და საქართველოში წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფრინავების ქარხანაში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორც არის Boeing-ი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდული ავიამწარმოებლები. პროდუქცია თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის საშუალებას იძლევა, რომ წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იყოს. ქარხანა უმსხვილესი საავიაციო კომპანიების მიერ იქნება სერთიფიცირებული.

სამშენებლო პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: საწარმოს შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ELBIT Cyclone ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანიაა. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები