გურამ ოდიშარიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაცია კვიპროსს 28-30 აპრილს სტუმრობდა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე სამთავრობო დონის შეხვედრა და მნიშვნელოვანი პრეზენტაცია მოეწყო. გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პაფოსის დასახლებაში ღალიის ქართული სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა. მონასტრის გახსნაში გურამ ოდიშარია და კვიპროსის ინფრასტრუქტურისა და შრომის მინისტრი მარიოს დემეტრიადესი მონაწილეობდნენ. ინაუგურაციის ცერემონიის წირვა არსინეოს ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა ჩაატარა. წირვას ასევე ესწრებოდნენ: ქართველი ეპისკოპოსი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი, პაფოსის ეპისკოპოსი გეორგიოსი და ქართველი მამები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით, 2006 წელს კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სამუშაოები 2010 წლამდე გაგრძელდა და მას ქართველი არქეოლოგები კვიპროსის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ახორციელებდნენ. კვიპროსში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კვიპროსის კომუნიკაციისა და შრომის მინისტრის მარიოს დემეტრიადესთან სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორი თვის წინ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესრულებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განიხილეს. ქართული მხარის სურვილია, მონასტრის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთების დროებით თბილისში, ეროვნულ მუზეუმში ჩამოტანა. ამ ინიციატივას კვიპროსის მხარე დათანხმდა და უახლოეს პერიოდში, მემორანდუმიდან გამომდინარე, დამატებითი ხელშეკრულება გაფორმდება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოში ოფიციალურად მოიწვია კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დესპო პილიდო. თბილისში ვიზიტისას, კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო უნივერსიტეტში მასტერკლასებს ჩაატარებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები კვიპროსის მთავარეპისკოპოსს ხრიზოსტომოს II-ს შეხვდნენ. შეხვედრისას მინისტრმა ხაზგასმით გამოყო კვიპროსის ეკლესიის როლი ღალიის ქართული მონასტრის აღდგენის საქმეში და მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ქართული დელეგაციას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც, სადაც ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები