შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში გახსნილი ყაჩაღობები, აღკვეთილი დანაშაულები, დიდი რაოდენობით ამოღებული იარაღი და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული 14 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათის განმავლობაში, აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი თითოეული დანაშაული დროულად და ეფექტიანად იქნას გამოძიებული, რათა საზოგადოებას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ახდენს, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი, კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.
თითოეული პოლიციელი თავდაუზოგავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც უფრო აქტიურად ჩაერთვება დანაშაულთან ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ უსაფრთხოება და მართლწესრიგი.
გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ ფაქტებსა და გახსნილ საქმეებზე, მათ შორის, 22 იანვარს ქალაქ ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული პირი თბილისში, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ასევე, გახსნილია ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიც. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში – 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა დროულად აღკვეთოს მძიმე დანაშაულები და მოახდინოს მათი პრევენცია. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში ამოღებული და მოქალაქეთა მიერ ჩაბარებულია დიდი რაოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც შეიძლება დანაშაულის ჩადენის იარაღი გამხდარიყო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი.

ყველა ჩამოთვლილ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ათეულობით მოძალადე დავაკავეთ და მომავალშიც, მსგავს ფაქტებზე მყისიერად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას.

სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კრიმინალისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გახსნილი დანაშაულების და სხვა საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ. ვემსახურებით საქართველოს!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები