საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მიკელე ნიკოლეტის შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიკელე ნიკოლეტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და საქართველოში მოიწვიეს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საკითხზე ისაუბრეს.
„გასული წლის განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება გვქონდა და შესაბამისად, ეს დაგვეხმარება, რომ 2018 წლის განმავლობაში მასთან კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ, უკვე როგორც ასამბლეის პრეზიდენტთან. მიკელე ნიკოლეტი საქართველოში მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, რომ ის ვიზიტს წლის განმავლობაში შეძლებს და ექნება შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ასევე, ვისაუბრეთ დროებით კომიტეტზე, რომელიც ცოტა ხნის შეიქმნა და რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი და რთული ამოცანა აქვს, რომ ასამბლეაში არსებული გარკვეული პრობლემური საკითხების მოგვარების გზები მოიძიოს. ვისაუბრეთ ამ ფორმატში ჩვენს თანამშრომლობაზე. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველო, გამომდინარე პროგრესიდან, გადავიდეს მონიტორინგიდან შემდეგ ფაზაზე. ვფიქრობ, რომ ასამბლეის პრეზიდენტი თანამშრომლობისთვის მზად არის და ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ის ჩვენი ერთ-ერთ მხარდამჭერი იქნება”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა. დელეგაციის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს მეგობარია. „მიკელე ნიკოლეტი ჩვენი ქვეყნის და დელეგაციის დიდი მეგობარია, ჩვენ ერთად ვიყავით პოლიტიკურ ჯგუფში და ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება მის ახალ ამპლუაშიც. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებსაც საქართველო და საქართველოს დელეგაცია აყენებს ევროსაბჭოს ფარგლებში. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე საქართველოს გადასვლაა, რადგან საქართველო ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ეს პროგრესი აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული. ეს სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე, ამ ინსტიტუციისთვის იმისთვის, რომ მისი გავლენა და სიძლიერე კიდევ უფრო გამყარდეს ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში”,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ზვიად კვაჭანტირაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ.