ეკა ბესელია: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ომბუდსმენის საპარლამენტო მოსმენის სტანდარტს პოზიტიურად აფასებს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას. ეკა ბესელიას განცხადებით, ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრაქტიკა, სახალხო დამცველის საპარლამენტო მოსმენის სტანდარტი პოზიტიურად შეფასდა. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ საქართველოს გამოცდილება, კომიტეტის წევრებს გაუზიარა.

„მზადდება ორი მნიშვნელოვანი ანგარიში. ერთი ეხება რეზოლუციას ომბუდსმენის ინსტიტუტის შესახებ  და მასში მოცემულია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ომბუდსმენის ინსტიტუტის არჩევას, დანიშვნას, მანდატს, ვადას, საქმიანობასა და პროფილის სპეციფიკას, ასევე, მის საქმიანობას და ანგარიშვალდებულებას ეხება. გაიმართა   საინტერესო დისკუსია, რომელშიც ასევე მონაწილეობდა  ვენეციის კომისიის ექსპერტი.

მომეცა შესაძლებლობა,  საქართველოს მაგალითზე მესაუბრა. კოლეგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო პროცედურა, თუ  როგორ ხდება საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენის მოსმენა. 2013 წელს ჩვენ ახალი ფორმატი შევქმენით, რომლის მიხედვით, მთავრობა სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას ესწრება, მზადდება რეკომენდაციები, რეკომენდაციებს ამტკიცებს პარლამენტი და მოგვიანებით, რეკომენდაციების შესრულებას ამოწმებს ასევე კომიტეტი და პარლამენტი. ეს სტანდარტი მიიჩნევა როგორც საუკეთესო და კოლეგების მხრიდან  ძალიან პოზიტიური გამოხმაურება გვქონდა”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მან კოლეგებს ომბუდსმენის არჩევის ვადისა და მანდატის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„განხილვის დროს ვისაუბრე ომბუდსმენის არჩევის ვადის შესახებაც. კონსტიტუციური ცვლილებების დროს ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ და საბოლოოდ შევჯერდით, რომ  მეტი დამოუკიდებლობისთვის უმჯობესია, ომბუდსმენი ერთი ვადით ავირჩიოთ, თუნდაც, ეს ერთი ვადა იყოს ცოტა უფრო მეტი, ვიდრე ოთხი წელი ან ხუთი წელია. ამ პოზიციას ემხრობა ვენეციის კომისიაც.  კოლეგებს გავაცანი  ის მანდატი, რაც საქართველოს სახალხო დამცველს აქვს დამატებით, რომლის მიხედვით,  მას შეუძლა ვიდეო და ფოტოგადაღება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. ანგარიშზე მუშაობა გაზაფხულის სესიაზე გაგრძელდება”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა, კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს  ანგარიშზეც, რომელიც  ადამიანის უფლებათა დამცველების საქმიანობის გარანტიების შესახებ მომზადდება.

„ეს ანგარიში ჩვენთვისაც საყურადღებო იქნება და ის ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობაში უფრო მეტი გარანტიების შექმნას ეხება. კომიტეტმა დღეს, ასევე, იმსჯელა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დროს გამოყენებული საგნების აკრძალვის თაობაზე და დასჯის პრევენციულ ღონისძიებებზე, ისევე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების კონფისკაციის საერთაშორისო სტანდარტებზე. ეს ანგარიშებიც მზადების პროცესშია. საკანონმდებლო კუთხით, ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისთვის საინტერესოა ის უახლესი სტანდარტები, რასაც ევროპის საბჭო მიმართავს, კონვენციის რომელიმე მუხლის დამატებითი განმარტებების დროს”,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები