სერბეთში საქართველოს ელჩი: სერბეთის პატრიარქი ანატოლი ბიბილოვს არაოფიციალურად შეხვდა
საქართველოს ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ სერბეთის პატრიარქი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს არაოფიციალურად შეხვდა. მისივე თქმით, ბიბილოვს არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია.
როგორც მან განმარტა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით გაგრძელდება და აქ ორაზროვნება არ არსებობს.
“ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, საპატრიარქოს ჩათვლით, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია. დღეს საუბრისას ამ თემას ორივე მხარე შეეხო. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები სერბეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ამგვარ აქტებს დაგმობენ. სხვა მხრივ, ქვეყნების შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აქ ორაზროვნება არ არსებობს“, – განაცხადა ნანობაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა, სადაც ბიბილოვი რესპუბლიკა ”სერბსკას” პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი 15 იანვარს გააგზავნა.