NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორისთვის, კვლევებთან დაკავშირებული კრიტიკა გასაგებია

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ განიხილა.
NDI მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა სახის კვლევას ატარებს, თუმცა, კვლევის შედეგი მუდმივად განხილვის საგანი ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის თუ საზოგადოების მხრიდან და ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებაში სდებენ ბრალს.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ამბობს, რომ კვლევებთან დაკავშირებით, საკმაოდ ხშირად ისმის კრიტიკა და მისთვის ეს, გარკვეულწილად, გასაგებია.
„საქართველოში გამოკითხვების ჩატარება სულ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და გამოკითხვის შედეგებს ხშირად აკრიტიკებენ. ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ასეთ კვლევებს, რათა უკეთესად გაიგოს ამგვარი კვლევების აზრი. სამ წელიწად-ნახევარია აქ ვარ და ამ დროშიც საკმაოდ დიდი გაუმჯობესება იგრძნობა. ადრე, შესაძლოა, არ ესმოდათ ადამიანებს, მაგალითად, თუ რას ნიშნავდა ცდომილების ზღვარი ან შერჩევა. ახლა კი საზოგადოებისთვის ეს გასაგებია. კრიტიკის დიდი ნაწილი ცოდნის ნაკლებობამ გამოიწვია, თუმცა, ზოგიერთი კრიტიკა – კვლევის შედეგების უკმაყოფილებამ“, – ამბობს ლორა თორნტონი.
საზოგადოების მხრიდან გაისმა პრეტენზია კითხვის ფორმულირებასთან დაკავშირებითაც. პოლიტიკოსების ნაწილი და სოციოლოგები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი კითხვა მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული, რამაც რესპონდენტები შეცდომაში შეიყვანა. ამასთან დაკავშირებით NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი პასუხობს, რომ კითხვების ფორმულირება ისეა ჩამოყალიბებული, რომ რესპონდენტს ნებისმიერი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცეს.
„კითხვები, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის გამოსაკვლევად ვიყენებთ, სპეციალურად ისეა ჩამოყალიბებული, რომ გამოკითხულმა ნებისმიერი აზრის დაფიქსირება შეძლოს. მაგალითად, როდესაც ვეკითხებით ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს არის ხელფასები, პროდუქტის ფასები, დასაქმება და ეს არის სრულიად მისაღები, ჩვეულებრივი რამ, ეს არ ნიშნავს ადამიანების დაბნევას,“ – განაცხადა თორტონმა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ფოკუსჯგუფი ტარდება იმისთვის, რომ გამოკითხვისთვის საჭირო კითხვები სიღრმისეულად იყოს განხილული და შესწავლილი.
„შეკითხვის ჩამოყალიბება ძალიან მარტივადაც შეიძლება, მაგალითად, დავუსვათ რესპონდენტებს პირდაპირ კითხვები, თუმცა, ძალიან ხშირად, შეიძლება მსგავსი კითხვებით ვერ მივიღოთ სიღრმისეული პასუხი. ამიტომ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ფორმულირების შეკითხვები. როდესაც ვაკეთებთ კითხვების ფორმულირებას, კონსულტაციებს გავდივართ პარტნიორებთან, ” – ამბობს ლორა თორნტონი.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი განმარტავს, რომ ორგანიზაციის მიზანია, მაქსიმალურად მარტივად მოხდეს კითხვების ფორმულირება. მისი თქმით, რთულია შეკითხვის ჩამოყალიბების დროს ყველა ნიუანსის გათვალისწინება და ხშირად ძალიან გრძელი დასკვნების მიწოდება მიზანშეწონილი არ არის.
„შეკითხვების ფორმულირების დროს ვსარგებლობთ იმ საკითხებით, რომლებიც იმ პერიოდში აქტუალურია. შესაძლებელია, შეკითხვები ისე იყო ჩამოყალიბებული, რომ ვიღაც ცოტა დაიბნა, თუმცა ეს ფორმულირება ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად იყო განხორციელებული და ყველანაირად შევეცადეთ მაქსიმალურად მარტივი ყოფილიყო,“ – განმარტავს ლორა თორნტონი.
NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში წელს პირველად გაჩნდა კითხვა რუსეთის და ამერიკის სამხედრო სიძლიერესთან დაკავშირებით. კითხვაზე, რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, რესპოდენტთა უმეტესობამ (41 %) აქცენტი რუსეთზე გააკეთა. ის, თუ რამ განაპირობა ამ კითხვის კვლევაში დამატება და რა მიზნით დაისვა კითხვა, თორნტონი პასუხობს, რომ NDI-ის, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხშირად აქვთ შეკითხვები.
„ჩვენ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამთ საგარეო ურთიერთობებზე. ამ კითხვით, მარტივად შეიძლება გამოიკვეთოს, თუ რა განწყობა აქვს რეალურად ადამიანს. ხშირად პირდაპირ დასმული კითხვით, შეიძლება პირდაპირი პასუხი ვერ მივიღოთ, ამიტომ, უნდა „შემოვუაროთ მას. მაგალითად, წინა გამოკითხვის დროს ვიკითხეთ, იყო თუ არა კარგი საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის და ეს იყო საინტერესო კითხვა განწყობების გამოსავლენად. ბევრმა მინისტრმა, ისევე, როგორც სხვადასხვა ადამიანმა, აღნიშნა, რომ ეს იყო საინტერესო კითხვა საინტერესო შედეგებით. ძალიან გვინდა, რომ მომავალში ფოკუსჯგუფებში ჩავსვათ ის კითხვა, თუ რატომ ფიქრობს ხალხი, რომ რუსეთი უფრო ძლიერია, იმიტომ, რომ რუსული სამხედრო აგრესია საქართველოსთვის რეალური იყო, თუ ეს იყო პროპაგანდის, დეზინფორმაციის კამპანიების შედეგი. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამოხატულია რეგიონებში, იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტად უყურებენ რუსულენოვან არხებს. მოკლედ, ძალიან საინტერესო კითხვაა და იმედი მაქვს, ფოკუსჯგუფებით ჩვენ შევძლებთ, რომ განვაგრძოთ ეს თემა, – ამბობს ლორა თორტონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები