ნინო გოგუაძე: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების იზოლირება რუსული აგრესიული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელია,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის მსგავსად, შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც.

“100 კილომეტრიანი მავთულხლართი ყოფს ქვეყანას და ოჯახებს ერთმანეთისგან. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ყოველდღიურად არიან რუსი ჯარისკაცების მხრიდან უკანონო დაკავებას საფრთხის ქვეშ”,- აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, რუსული საოკუპაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ხელწერაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა და ამ შემთხვევაშიც, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმანეთის მსგავსი ვითარებაა.

„უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში, ყირიმელი თათრები იძულებულნი არიან, დატოვონ საკუთარი სამშობლო, მსგავსად გალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა, რომლებიც იძულებულები არიან, შეიცვალონ ქართული გვარ-სახელები და უარყონ საკუთარი ეთნიკური იდენტობა.

სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ თუნდაც საბაზისო ადგილობრივი სოციალური სერვისებით სარგებლობას. ეს არის კიდევ ერთი არაპირდაპირი ზეწოლა ადამიანებზე, რათა მათ იძულებით დატოვონ საკუთარი სახლები”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის თქმით, რუსეთი ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისევე, როგორ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საერთაშორისო წარმომადგენლობა არ არის დაშვებული უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

რუსული საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთ მახასიათებლადა დეპუტატმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტივობების ყველა სფეროს კონტროლი და არასტაბილური ვითარების შესაქმნელად ეთნიკური კონფლიქტების გამოყენება დაასახელა.

„ეს არის რუსული ოკუპაციის დრამატული სახე, რაც კვლავ გრძელდება. ეს პროცესი არ არის არც საქართველოს და არც უკრაინის ინტერესებში, ეს არ არის არც მთელი რეგიონის და ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში.

თვალნათელია, რომ ეთნიკური კონფლიქტების გამოყენება რეგიონში არასტაბილური ვითარების შესაქმნელად არის რუსული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი. რუსეთის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ მოუგვარებელი კონფლიქტები, განსხვავებული მიზეზებით, მაგრამ ერთი დირიჟორით. გადაუჭრელი კონფლიქტები მნიშვნელოვნად აზიანებენ დემოკრატიულ განვითარებას.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩვენ ვახორციელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და კოფლიქტის შედეგად დაყოფილი ადამიანების გაერთიანებას. ჩვენ ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და შევთავაზოთ მეტი სერვისი, რომლებიც საქართველოს სხვა ნაწილებშია ხელმისაწვდომი, რათა, მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ვიღებთ.

მინდა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პოზიციის მნიშვნელობას ამ პროცესში და განსაკუთრებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას. ყველა წევრმა სახელმწიფომ ხმა უნდა აიმაღლოს მიმდინარე ოკუპაციებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში ჰუმანიტარული კრიზისის წინააღმდეგ”,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები