გიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას

ჩვენი დისკუსიები რუსეთთან უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia განაცხადა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ უნდა მოიძებნოს შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ.

“ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და, რასაკვირველია, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა, იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა საქართველოს პოლიტიკაზე რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლაში. “მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან; ტრადიციულად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, „აბრეშუმის გზის“ და სხვა ახალმა პროექტებმა ახალი დინამიკა შემოიტანა ჩვენს რეგიონში. რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის. რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ – აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე – ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი. ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები