იაშვილის კლინიკაში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით ბავშვი გარდაიცვალა – რას აცხადებს სპეციალისტი
იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში, მენინგოკოკცემიის დიაგნოზით, 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია „კვირას“ მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ დაუდასტურა.
როგორც ლაფერაძე აცხადებს, ბავშვი მშობლებმა ჯერ მარნეულში „ავერსის“ კლინიკაში მიიყვანეს, საიდანაც მალევე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი ბიჭი მარნეულის მერვე საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობდა.
ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ ეს წელს აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალების პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეპიდემიის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„ბავშვს აღენიშნებოდა ტემპერატურა, რის გამოც მშობლებმა ჯერ მარნეულში „ავერსის“ კლინიკას მიმართეს, თუმცა, იქიდან ბავშვი მალევე იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზიდან ირკვევა, რომ ბავშვი მენინგოკოკცემიის შედეგად გარდაიცვალა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ეს არის პირველი შემთხვევა და პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ერთეულ შემთხვევებს აქვს ხოლმე ადგილი, თუმცა შარშან მარნეულის მუნიციპალიტეტში მენინგოკოკცემიის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვინაიდან, ეს არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია, ჩვენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მივმართეთ, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები განვახორციელეთ, ოჯახში კი, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, ანტიბიოტიკოთერაპია ჩაატარეს“, – განუცხადა „კვირას“ ეთერ ლაფერაძემ.
ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 იანვარს გარდაიცვალა.