სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის დის გამოკითხვა დასრულდა
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა.
მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ დაკითხვის პროცესი ნორმალურ პირობებში მიმდინარეობდა, მასზე ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიება დაინტერესდა დეტალებით, თუ რას აკეთებდა ის მკვლელობის დღეს, სად იმყოფებოდა და გადაადგილდებოდა.
ამასთანავე, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რა ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილთან მის ძმას, გიორგი ჭანტურიას. მარიამ ჭანტურია კვლავ აცხადებს, რომ მის ძმას კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
ცოტა ხნის წინ, გამოიკითხა გიორგი ჭანტურიას მეუღლე ანი ხურციაც. როგორც სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ანი ხურციამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ მას კითხვები იმის შესახებ დაუსვა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მის მეუღლეს მოკლულ გენერალთან, ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი.
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე რჩება.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.