რუსეთში, კოსმოდრომის მშენებლობისას, დიდი ოდენობით თანხაა მიტაცებული
რუსეთის კოსმოსური ინფრასტრუქტურის მიწისზედა ობიექტების ექსპლუატაციის ცენტრმა, კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებლობის დროს, თანხების კიდევ ერთი გაფლანგვის ფაქტი დაადგინა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 7,6 მილიონ რუბლზე. აფიორა კოსმოდრომის ტექნიკური და სასტარტო კომპლექსის სამშენებლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდების დროს განვითარდა. ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „გამოძიებით დაუდგენელ პირებთან“ ერთად, გადაწყვიტა სამუშაოებზე გამოყოფილი ბიუჯეტის „დაშლა“.
„აფიორა გაყალბებულ დოკუმენტებზე იყო დაფუძნებული. „ქაღალდზე“ მიწოდებები მიმდინარეობდა, თუმცა, მიმწოდებელი კომპანია რეალურად კონტრაქტის პირობებს არ ასრულებდა. ასეთი ხერხით იყო მიტაცებული 7,6 მილიონი რუბლი“, – განაცხადეს ცენტრში. ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.
როგორც ცნობილია, კოსმოდრომის მშენებლობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე დანაშაულის ფაქტი დეკემბერშიც გამოავლინეს. მაშინ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს, რომელსაც მილიონი რუბლის ოდენობით ქრთამის აღებაში დასდეს ბრალი. ამას გარდა, 2018 წლის დასაწყისისთვის, საპროკურორო შემოწმებების შემდეგ, სულ 13 ადამიანი გაასამართლეს.
კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“ ქალაქ ციოლკოვსკისთან, ამურის ოლქში 2012 წლიდან შენდება. პირველი რაკეტის გაშვება წარმატებით 2016 წლის 28 აპრილს განხორციელდა.