კვების პროცესში ბავშვისთვის ტელეფონზე თამაში დაუშვებელია – „ელექტროძიძა“, 21-ე საუკუნის რეალობა
რა დოზით და როგორ უნდა განსაზღვროს მშობელმა ბავშვის კომპიუტერთან გატარებული საათები, ისე რომ “ჭკვიანი მანქანა” „ელექტროძიძად“ არ იქცეს. რა იწვევს ბავშვებში ინტერნეტმიჯაჭვულობას და როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი კომპიუტერზეა დამოკიდებული, ამ და სხვა აქტუალურ პრობლემებზე “კვირას“ ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის“ ხელმძღვანელი დიანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ ბავშვი არ გახდეს კომპიუტერზე დამოკიდებული…
იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიები ვითარდება, დღეს ძალიან რთულია წარმოვიდგინთ ბავშვი, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერთან, ამიტომ ტოტალური აკრძალვა, სამწუხაროდ, ძალიან რთულია. ბავშვი თავს იგრძნობს ძალიან დაჩაგრულად, რადგან ყველა დანარჩენს მის მეგობარს, კლასელს, ჯგუფელს ექნება წვდომა კომპიუტერთან. კომპიუტერი ხომ ოჯახის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახდა, როგორც ადრე ტელევიზორი იყო ჯერ უცხო ხილი, დღესდღეობით აბსოლუტურად ჩვეულებრივია და თითქმის ყველა ოთახში დგას ტელევიზორი. ასე რომ, ეწევა კომპიუტერი ტელევიზორს და დღეს ბუნებრივია, რომ ადამიანს ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერი. რაც შეეხება თვითონ კომპიუტერს, კომპიუტერი არ არის მავნე, და არა არის მავნე ინტერნეტთან ურთიერთობა არანაირ ასაკში, რადაგან არსებობს განვითარებისთვის განკუთვნილი თამაშები, რომლის შესრულების დროს ბავშვი ვითარდება გონებრივად, ვითარდება მისი უნარები და თუ კი მშობელი ამისთვის ახმარს კომპიუტერისთვის განკუთვნილ დროს, ამ შემთხვევაში ბავშვი ვითარდება და არანაირად არ ხდება მიჯაჭვულობის და სხვა პრობლემების განვითარება. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც მიჯაჭვულობა ჩნდება.
კონკრეტულად, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი რომ მიჯაჭვულობა თავიდან აიცილოს..
როდესაც ბავშვს რეალური ემოციების რესურსი არ აქვს, სწორედ მაშინ ხდება კომპიუტერზე დიდი დოზით დამოკიდებულება. ბავშვი კომპიუტერით ანაცვლებს რეალურ ურთიერთობებსა და ემოციებს, ანუ ბავშვს როდესაც არ აქვს ოჯახში რეალური ემოციები: სითბო, ყურადღება, ზრუნვა, მშობლებს არ აქვთ დრო ბავშვისთვის და ბავშვი არის მიშვებული და უკონტროლოდ, რასაც უნდა იმას აკეთებს კომპიუტერთან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვები ირჩევენ ემოციურად დატვირთულ ვიდეორგოლებს, თამაშებს, სადაც ბევრი სისხლია, რაც მერე დამატებით აგრესიას იწვევს. ბავშვი იწყებს რეალური ურთიერთობების კომპიუტერით ჩანაცვლებას, ჯერ თამაშებით და მერე ამას ემატება სოციალური ქსელები. აინშტაინმა როგორც თქვა: „მოვა დრო როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები ჩაანაცვლებენ რეალურ ურთიერთობას და ჩვენ მივიღებთ იდიოტების თაობას“. ამიტომ, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაბიჯებით და სწრაფი ტემპით მივდივართ ამ წინასწარმეტყველებისკენ. იმისთვის, რომ არ ჩამოყალიბდეს კომპიუტერული დამოკიდებულება, არ არის აუცილებელი ბავშვი ცხოვრობდეს გამოქვაბულში, სადაც არ არის ინტერნეტი და ელექტრონერგია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს რეალური, ცოცხალი ემოციები, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კლასელებთან, ჯგუფელებთან, ადამიანებთან, რომლებთანაც რეალური ურთიერთობა აქვს. არც ერთი ადამიანი, თუ კი მას არ აქვს ნევროტული პრობლემები, არ აირჩევს ვირტუალურ ურთიერთობებებს და არ იტყვის უარს რეალურ ურთიერთობებზე. ანუ, როდესაც პრიორიტეტული ხდება ვირტუალური ურთიერთობები, იმის მაგივრად, რომ რეალური ურთიერთობები იყოს პრიორიტეტული, მაშინ უკვე პრობლემაა, თუ ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემა, სპეციალისტი უნდა ჩაერთოს, თუ არა, ე.ი. ოჯახში არ არის იმ დონეზე ურთიერთობები, რომ ბავშვმა მიიღოს იმ დოზით ენერგია, რომელიც მას სჭირდება. ნესბისმიერი ემოცია არის ენერგია და როდესაც ბავშვი ამ დეფიციტს განიცდის, ის პოულობს ამ ყველაფერს კომპიუტერულ თამაშებში და დეფიციტის შევსებას ცდილობს. რაც თანდათან უფრო ღრმავდება და საბოლოოდ, ჩვეულებივად მიჯაჭვულობას ვიღებთ, ისეთივე რანგის და ისეთი სიმძლავრის, რომელიც არის მაგალითად, ფარმაკოლოგიური ან ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება.
თუ ოჯახი სპეციალისტს მიმართავს, რა კუთხით აგვარებს პრობლებას…
მას შემდეგ, რაც რეალური მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდება კომპიუტერზე ან ინტერნეტთამაშებზე, ძალიან რთულია სპეციალისტის გარეშე, აღნიშნული სიტუაციის მოგვარება. თუმცა, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ვერც ერთი ფსიქოლოგი, ოჯახის წევრების ჩართულობის გარეშე, ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას. ფსიქოტერაპევტს არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც ბავშვი მივა სახლში და მიხვდება, რომ კომპიუტერს სჯობს ეზოში ჩასვლა, თუმცა, ფსიქოთერაპევტს შეუძლია გაარკვიოს, რა დონეზე და რა ტიპის დეფიციტი აქვს ბავშვს, ურჩიოს მშობელს გარკვეული აქტივობები კონკრეტული ბავშვისთვის და თუკი მშობელი ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, სავსებით შესაძლებელია, რომ ბავშვი დაუბრუნდეს ჩვეულებრივ, აქტიურ ცხოვრებას და კომპიუტერი დარჩეს გართობის ერთ-ერთ წყაროდ და არა მიჯაჭვულობის საგნად. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, მშობლები როგორ იყენებენ კომპიუტერს, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ზრდასრულ ადამიანებსაც არ აქვთ კომპიუტერის გამოყენების კულტურა, ანუ ეს არის 24 საათიანი ჯდომა კომპიუტერთან და ბავშვი რასაც ხედავს, იმეორებს, უბრალოდ ბაძავს მშობლებს. შესაბამისად, მშობელი, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან, არ აძლევს ბავშვს იმ დონის ემოციურ ურთიერთობას, რომელიც მას უნდა, ბავშვიც იგივეს აკეთებს, იმიტომ, რომ სხვა წყარო ამ მომენტისთვის არ აქვს.
რამდენად არის გამართლებული ჩვილი ბავშვებისთვის, კვების პროცესში, გართობის მიზნით ტელეფონთან, „პლანშეტთან“ ან სხვა კომპიუტერულ მოწყობილობასთან ურთიერთობა…
რეკომენდებული არ არის. კომპიუტერთან დამოკიდებულების კულტურა ბავშვებს, თავად მშობლებმა უნდა ასწავლონ.
ამ ასაკში ბავშვის კვების მიზნით სხვა აქტივობის ჩართვა, სულ რომ ზღაპრის მოყოლა იყოს ან ლექსის თქმა, არ არის მიზანშეწონილი, რადგან კვება არის ავტონომიური პროცესი და არ არის საჭირო დამატებითი რაღაცეების ჩატარება, ანუ ბავშვი კვების დროს უნდა იაზრებდეს რას აკეთებს იმისთვის, რომ მერე არ ჩამოყალიბდეს სხვადასხვა ნევროტული დამოკიდებულება საკვების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთი მომენტი შესაძლოა იყოს ანორექსიის ან ბულემიის შემდგომი განვითარება, როდესაც საკვების დიდი დოზით მიღება ხდება, ან პირიქით. ვთქვათ, მშობელი ბავშვს აჭმევს, პარალელურად უყვება ზღაპარს, ბავშვი ვერ იაზრებს დანაყრდა თუ ვერ დანაყრდა, უბრალოდ ხვდება რომ ბევრს თუ შეჭამს, შეაქებენ. არის ინტერნეტში ასაკობრივი ცხრილები, რომ ბავშვი თუ არის წლინახევრის, უნდა იყოს ორი წუთი გამოყოფილი, ძალიან რთულია ამის განსაზღვრა, იმიტომ, რომ თუ ბავშვი არის სამი წლის და მისთვის რეკომენდებულია 20 წუთი, რა თქმა უნდა ეს ბავშვი ვერ ნახავს მულტფილმს, რომელიც გრძელდება ცოტა დიდხანს, ამიტომ ეს უფრო თვითგრძნობით უნდა იყოს, ვიდრე გარკვეული ცხრილებით. თუმცა, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ კომპიუტერი არ უნდა იყოს ერთადერთი სიამოვნების წყარო ბავშვისთვის, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩნდება პრობლემა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ბავშვი დადის მშობლებთან ერთად, სეირნობს ზოოპარკში და სხვადასხვა, დიდი რაოდენობით პოზიტიურ ენერგიებს იღებს, მას არ დასჭირდება კომპიუტერთან მიჯაჭვულობა. ის კომპიუტერსაც გამოიყენებს, როგორც ერთ-ერთ წყაროს და ამ შემთხვევაშიც მშობლებზე არის დამოკიდებული „ელექტროძიძად“ აქცევენ კომპიუტერს, თუ აუხსნიან ბავშვს, რომ აქ არის დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომლის მოპოვება შეიძლება, არის თამაშები, სხვადასხვა საინტერესო. ვფიქრობ, კომპიუტერთან დამოკიდებულების კულტურა ბავშვებს უნდა ასწავლონ თავად მშობლებმა.