ხათუნა ლაგაზიძე: პანკისის თემით სპეკულაციამ, შესაძლოა, საქართველო გარე ძალის სამიზნედაც აქციოს

ანტიტერორისტულ ოპერაციებზე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებებმა გვაჩვენა, რომ საზოგადოება ძალიან ინფანტილურად უყურებს ტერორიზმს, როგორც საფრთხეს – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.

ლაგაზიძე აცხადებს, რომ პანკისის თემით სპეკულაციამ და შესაბამისმა განცხადებებმა, შესაძლოა, სახელმწიფო გარკვეული, მათ შორის გარე ძალის სამიზნედაც აქციოს.

პოლიტოლოგი ყურადღებას რუსეთის ფაქტორზე ამახვილებს და არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა, ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით, საქართველოში სიტუაციის არევას შეეცადოს.

ხათუნა ლაგაზიძე ნიშანდობლივს უწოდებს რამზან კადიროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ანტიტერორისტულ ოპერაციებზე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებებმა გვაჩვენა სამწუხარო რამ, რომ საზოგადოება ძალიან ინფანტილურად უყურებს ტერორიზმს, როგორც საფრთხეს და საზოგადოებაში პასუხისმგებლობის საკითხი საკუთარი უსაფრთხოების მიმართ, საკმაოდ დაბალია. იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობებიც და გამოჩნდა სურვილი, რომ სახელმწიფო განტევების ვაცად ექციათ, სახელმწიფოსკენ მიემართათ დარტყმები – ეს არის ყველაზე დაუშვებელი, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, შეუძლებელია სახელმწიფო აქციო პასუხისმგებლობის ობიექტად, ის, რომ ვინმემ სახელმწიფოს მოსთხოვოს პასუხი იმაზე, რომ ჩატაევმა სახელმწიფოს საზღვრები გადმოლახა და შემოაღწია – არის ამ ქვეყნის სამიზნედ გადაქცევა. შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება, გქონდეს პრეტენზიები სპეცსამსახურების მიმართ, მაგრამ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო რჩება. შეუძლებელია, პასუხისმგებელობის მქონე საზოგადოებამ, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი სახელმწიფო აქციოს ვიღაცის სამიზნედ და რომ ამისი მოსურნე ქვეყნის გარეთაც ბევრია, ესეც აჩვენა ამ დღეებმა. ძალიან საინტერესოა – ეს იყო ჩატაევის მიერ დაგეგმილი თავის შეფარების ოპერაცია, თუ გაცილებით გლობალური გეგმის ნაწილი, რომელიც საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას დააყენებდა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში საძიებელია, ვინ იდგა ამ გეგმის თავში – მართალია ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობაა, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ის, რაც კადიროვმა ღიად განაცხადა, რომ „ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა“ შეაღწიეს საქართველოში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ რუსეთისკენ გადაადგილების საშუალება არ მივცეთ“ – ეს ნიშნავს იმას, რომ კადიროვი და რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც კადიროვს მართავენ, აცხადებენ, რომ საქართველო ღია სივრცეა ტერორისტებისთვის და მათ უნდა გამოუცხადონ ომი ტერორისტებს საქართველოში, ეს ფაქტობრივად, ნიშნავს გამოუცხადებელი ომის წინაპირობას საქართველოს მიმართ. კადიროვის ამ განცხადების მერე უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის მიერ, ტერორისტებთან ბრძოლის საბაბით, საქართველოში სიტუაციის არევის მოდელირება, კადიროვის პირით, უკვე გაჟღერებულია, დაანონსებულია. შეიძლება ამას არაფერი მოჰყვეს, მაგრამ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებში ეს ვარიანტი დევს და თან აშკარად ძალიან ხმამაღალი იყო ეს გაფრთხილება საქართველოს მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია ხელისუფლების და საზოგადოებამაც ცოტა ღრმად უნდა ჩაიხედოს საკითხში. ტერორიზმი არის ის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ცალსახა დამოკიდებულება, მათ შორის, ისეთი მტკივნეული საკითხების მიმართ, როგორიც არის ტერორიზმის პრევენციის ოპერაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რომლის აუცილებლობაც არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ეტაპზე დადგეს. საზოგადოებაში ეს უნდა აღიქმებოდეს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაუდებელი რიგის ამოცანა. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია შეიმუშაოს სრულიად ახალი მიდგომები ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში. საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის კუთხით. ასეთი სტანდარტები არსებობს დასავლეთში და აუცილებელია, რომ ამ სტანდარტების გასაზიარებლად ხელისუფლებამ თხოვნით მიმართოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ამ სტანდარტების საქართველოში დანერგვა მოხდეს“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები