სემეკი ცალკეული პირებისათვის ინდივიდუალურ ტარიფებს არ ადგენს

სემეკ-ის განცხადებით, ტარიფები არ დგინდება ინდივიდუალურად, ცალკეული პირებისთვის და კომისია არ ადგენს შეღავათიან ტარიფებს რომელიმე იურიდიული პირისთვის – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარეგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან სემეკი განმარტავს, რომ კომისია ტარიფებს ადგენს ძაბვის საფეხურების (მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვა) მიხედვით და იგი ერთიანია ძაბვის შესაბამისი საფეხურის ყველა მომხმარებლისათვის, მიუხედავად მათი საქმიანობის შინაარსისა.
„კვირა“ სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სატარიფო საკითხებთან დაკავშირებით, როგორც სხვადასხვა ექსპერტების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. ამჯერად, ცალკეული პირების მიერ სატარიფო საკითხებთან მიმართებაში აქცენტები გაკეთდა ელექტროენერგიის შეღავათიანი ტარიფების დადგენაზე კონკრეტული იურიდიული პირებისათვის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განმარტავს, რომ ტარიფები არ დგინდება ინდივიდუალურად, ცალკეული პირებისთვის და კომისია არ ადგენს შეღავათიან ტარიფებს რომელიმე იურიდიული პირისთვის.
კომისია ტარიფებს ადგენს ძაბვის საფეხურების (მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვა) მიხედვით და იგი ერთიანია ძაბვის შესაბამისისაფეხურის ყველა მომხმარებლისათვის, მიუხედავად მათი საქმიანობის შინაარსისა.
სამომხმარებლო ტარიფი მოიცავს ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის და გამანაწილებელ ქსელამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირების ფასს (ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასს) და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფს. გამანაწილებელი კომპანიებისათვის დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს შორის განსხვავებას სწორედ ეს უკანასკნელი კომპონენტი განაპირობებს, ვინაიდან განსხვავებულია კომპანიების დანახარჯები ძაბვის თითოეული საფეხურისათვის. მაგალითად, სს “თელასის” ენერგეტიკული აქტივების ღირებულება 2017 წლის ბოლოსათვის მაღალ ძაბვაზე შეადგენს 12,4 მლნ. ლარს, მაშინ როდესაც დაბალ ძაბვაზე პირდაპირ მიკუთვნებული ენერგეტიკული აქტივების ღირებულება 107,9 მლნ. ლარია. ანალოგიურად, საპროგნოზო საოპერაციო დანახარჯები მომდევნო სამი წლისათვის მაღალ ძაბვაზე საშუალოდ წლიურად შეადგენს 0,3 მლნ ლარს, ხოლო დაბალ ძაბვაზე – 57,6 მლნ. ლარს. შესაბამისად, კომპანიის ჯამური დანახარჯების ყველაზე დიდი წილი (82%) სწორედ დაბალ ძაბვაზე მოდის, რომლიდანაც ელექტროენერგიას მოსახლეობა იღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი განსხვავება განაწილების ტარიფებს შორის ფიქსირდება არამხოლოდ 2017 წლის დეკემბერში კომისიის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებში, არამედ, ფიქსირდება 1997 წლიდან, როდესაც კომისიის მიერ პირველად დადგინდა ელექტროენერგიის ტარიფები.
რაც შეეხება მოხმარების ზრდას და მის გავლენას ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ჯამური მოხმარება გაზრდილია საშუალოდ წლიურად 6,3%-ით, მათ შორის მაღალ ძაბვაზე – 12,6 %-ით, საშუალო ძაბვაზე – 9,1%-ით, ხოლო დაბალ ძაბვაზე (კომერციული სექტორი) – 8,3 %-ით.
აქვს თუ არა გავლენა მაღალ ძაბვაზე გაზრდილ მოხმარებას სამომხმარებლო ტარიფებზე, კომისია განმარტავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად,2018 წლის 1 მაისიდან მოხდებამაღალი ძაბვის მომხმარებლების სატარიფო რეგულირებიდან გაყვანა, შესაბამისად, ამ კატეგორიის მომხმარებლები ელექტროენერგიას შეისყიდიან არა განაწილების ლიცენზიატებისაგან (სს “თელასი”, სს “ენერგო-პრო ჯორჯია”), არამედ თავისუფალ ბაზარზე, დერეგულირებულ ფასად. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილ გრძელვადიან სამომხმარებლო ტარიფებში ამ საწარმოების მომხმარება და, შესაბამისად, მათთვის ელექტროენერგიის შესყიდვის დანახარჯები 2018 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გათვალისწინებული არ არის.
კომისია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უფრო დეტალური განმარტებისთვის შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ან საზოგადოების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მოაწყოს საჯარო დებატები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები