საქართველოში „საპარტნიორო ფონდს“ საფრანგეთის ელჩი ეწვია

საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე მიიღო. საქმიან შეხვედრას ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სოფია გოძინა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის ელჩს ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო, ასევე, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ-ფრანგული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ფრანგული მხარე საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის, მძიმე ინდუსტრიის, წარმოების, მრეწველობისა და ტურიზმის სექტორებში ფრანგული კაპიტალის გააქტიურების სურვილს გამოთქვამს.

„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობით, საფრანგეთი გერმანიასა და იტალიას ჩამორჩება. ჩვენი სურვილია, თქვენს ქვეყანაში ფრანგული კაპიტალი გააქტიურდეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ _ განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ბაზრების მქონე ქვეყნებს შორის, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებამ, ევროპელი და აზიელი ინვესტორებისთვის საქართველოში წარმოების დაწყება კომერციულად მომგებიანი გახადა.

„საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირები ვითარდება. საქართველომ შეძლო, როგორც აზიისთვის, ასევე ევროპისთვის ერთნაირად საინტერესო ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, ლიბერალური ბიზნეს გარემო და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, სადაც განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმებია, ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია. საქართველოსა და მსოფლიოს უდიდესი ბაზრების მქონე ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებამ ევროპელი და აზიელი ინვესტორებისთვის საქართველოში წარმოების დაწყება კომერციულად მომგებიანი გახადა. „საპარტნიორო ფონდს“ ევროპულ კომპანიებთან ერთად, წარმატებული პროექტების მდიდარი გამოცდილება აქვს. მივესალმებით საქართველოში ფრანგული კაპიტალის კიდევ უფრო გააქტიურებას და მზად ვართ ფრანგულ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობისთვის,“ განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და მიმდინარე წლის დასაწყისში უმსხვილეს ფრანგულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები დაგეგმეს.

მოადგილე ნათია თურნავა საქმიანი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პეკინში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ ასამბლეასა და თანამშრომლობისა და განვითარების კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორი წლის იუბილეს მიეძღვნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის, ფინანსური წრეებისა და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელებაში. აქცენტი გააკეთა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გააჩნია. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, სტრატეგია და განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა ტრანსნაციონალური ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნების ნაციონალურ კომერციულ ასოციაციებზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია მსოფლიოს 70 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების 90 წარმომადგენელს აერთიანებს, რომლებსაც საერთო ინტერესი და პასუხისმგებლობები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები