მამუკა მდინარაძე: ნარკოპოლიტიკაზე მკვეთრად გამოხატული თუ რადიკალურად დაფიქსირებული პოზიცია გარკვეულწილად აზიანებს პროცესს

“საჯარო სივრცეში მკვეთრად გამოხატული თუ რადიკალურად დაფიქსირებული პოზიცია აზიანებს პროცესს, რომლის შედეგად ჩვენ ეტაპობრივად, სწორად გადადგმული ნაბიჯებით უნდა მივიღოთ ნარკოტიკებისგან თავისუფალი საქართველო და ჯანსაღი მომავალი თაობა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი აპირებს მოისმინოს, სიღრმისეულად გაანალიზოს და გაიზიაროს ყველა იმ ჯგუფის ინტერესი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით.
„ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ძალიან სენსიტიურ თემასთან დაკავშირებით, შევიმუშავოთ ისეთი მიდგომა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს. ბუნებრივია, ამ პროცესში ვაპირებთ მოვისმინოთ, სიღრმისეულად გავაანალიზოთ და ზემოაღნიშნული ინტერესის შესატყვისად გავიზიაროთ ყველა იმ ჯგუფის თუ ინსტიტუტის პოზიცია, რომელიც დაინტერესებულია ნარკოტიკების მოხმარების და ზოგადად, ნარკომომხმარებელთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირებით.
ამ ფონზე, საჯარო სივრცეში მკვეთრად გამოხატული თუ რადიკალურად დაფიქსირებული პოზიცია აზიანებს პროცესს, რომლის შედეგად ჩვენ ეტაპობრივად, სწორად გადადგმული ნაბიჯებით უნდა მივიღოთ ნარკოტიკებისგან თავისუფალი საქართველო და ჯანსაღი მომავალი თაობა. ამიტომ, ვთხოვ აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ მხარეს, ამ სამუშაო პროცესისას მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ხისტი და რადიკალური პოზიციების დაფიქსირებისგან, რაც შეხედულებათა დაახლოებას და საერთო ხედვის შეჯერებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ საერთო გამოწვევის გადაჭრის გზებს, რაზეც ყველანი ვთანხმდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები