12 იანვარს ჯეკ ლონდონი დაიბადა – მწერლის 40-წლიანი ცხოვრება, სიყვარული და ტრაგიკული გარდაცვალება

„ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს, როცა ძაღლივით მშიერი ხარ“, – ეს სიტყვები ჯონ გრიფიტ ჩეინს, იგივე ჯეკ ლონდონს ეკუთვნის.
“ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს”,– ჯეკ ლონდონი 1876 წლის 12 იანვარს, სან-ფრანცისკოში დაიბადა.
„ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა – იცხოვროს, და არა – იარსებოს“,– ჯეკ ლონდონის დედა, ფლორა უელმანი, შეძლებული ამერიკელის შვილი იყო, მამა – მოხეტიალე ირლანდიელი, “ასტროლოგიის პროფესორი” ჩანი. მამამ დაბადებამდე მიატოვა და არც შემდგომში, როდესაც ჯეკი წამოიზარდა, შვილად არ უღიარებია. ჯეკი დაქვრივებულმა ჯონ ლონდონმა აღზარდა. მამინაცვალი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის მიუხედავად, ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. ჯონმა ფლორას ვაჟი იშვილა, და სწორედ ასე იქცა ჯონ გრიფიტ ჩეინი ჯეკ ლონდონად.
„პოეტის სიხარული თვით შემოქმედებაშია და არა მოპოვებულ წარმატებაში“,– პატარა ჯეკი დაწყებით კლასში რომ დადიოდა, თან გაზეთებს ყიდდა. ბევრს კითხულობდა, მაგრამ მხოლოდ სამკითხველოში, რადგან წიგნების შეძენა არ შეეძლო. ერთხანს კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ “ხამანწკების დამჭერი მეკობრე” გახდა და გაეცნო იმ ველურ და გაბედულ ცხოვრებას, რომელსაც ადრე მხოლოდ წიგნებით იცნობდა. მეზღვაური კვლავ ქარხნის მუშად იქცა და სწორედ ამ დროს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა სან-ფრანცისკოს გაზეთ “კოლის” მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. ეს იყო “ტაიფუნი იაპონიის ნაპირთან”, რომელმაც პირველი ჯილდო მიიღო, რამაც ავტორი დიდად წააქეზა. მაგრამ გაზეთმა მისი შემდეგი მოთხრობა აღარ მიიღო და ჯეკ ლონდონის ლიტერატურული მოღვაწეობა დროებით შეფერხდა.
„მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!“,– 1894 წლის გაზაფხულზე წამოჭრილმა ეკონომიურმა კრიზისმა ჯეკ ლონდონი უმუშევარი გახადა. მალე ის უბრალო მაწანწალა გახდა და ამ ხეტიალში ბევრი რამ განიცადა. მცირე ხნით ციხეც კი იწვნია. ყოველივე ამან ჯეკ ლონდონი სოციალისტად აქცია. 1896 წელს შევიდა სოციალისტურ პარტიაში და პოლიტიკური ეკონომიის, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შესწავლას შეუდგა. ის კვლავ ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო, მაგრამ ამ საქმეში ხელმოცარულად ჩათვალა თავი და წავიდა ალასკაში ოქროსმაძიებლად. იქ ერთი წელიწადი დაჰყო. მართალია, უკან ისევ ღატაკი დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრების მდიდარი გამოცდილება შეიძინა. “კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი,-ამბობდა ის შემდეგში,-იქ ყველა სდუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც.”
„თუკი ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავს შენთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო!“ – ცხოვრების სიძნელეებთან და რედაქციებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დამშეულმა და გაწამებულმა ჯეკ ლონდონმა მაინც მიაღწია თავის მიზანს – მწერალი გახდა. 1899 წლის იანვარში სან-ფრანცისკოს ჟურნალმა “ოვერლენდ მანზლიმ” გამოაქვეყნა მისი პირველი ჩრდილოური მოთხრობა “მათთვის ვინც გზაშია”. ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები, რომლებიც “ჩრდილოეთის ოდისეასთან” ერთად გამოიცა 1900 წელს ერთ კრებულად სახელწოდებით “მგლის შვილი”. მალე ჯეკ ლონდონი სახელგანთქმული მწერალი გახდა.
„ხუთი ათასი სიტყვა – ხუთი დოლარი, ათი სიტყვა – ერთი ცენტი, აი, ხელოვნების საბაზრო ფასი“,– “მგლის შვილის” (1900) გარდა ჯეკ ლონდონმა ჩრდილოეთის თემას მიუძღვნა მოთხრობების კიდევ რამდენიმე კრებული: “მის წინაპართა ღმერთი და სხვა მოთხრობები” (1901), “ყინვის შვილები” (1902), “ადამიანის რწმენა და სხვა მოთხრობები” (1904), “ქალის სიძულვილი” (1906), “სიცოცხლის სიყვარული და სხვა მოთხრობები” (1906), “დაკარგული სახე” (1910), “სმოკ ბელიუ” (1912). ჩრდილოეთსავე მიუძღვნა რომანი “თოვლის ასული” (1902), აგრეთვე ვრცელი მოთხრობები “წინაპართა ძახილი” (1903) და “თეთრი ეშვი” (1906).

„შემოქმედებითი სიხარული, ეს ხომ უკეთილშობილესი სიხარულია დედამიწაზე“,- ჯეკ ლონდონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებად რომანი “მარტინ იდენი” ითვლება, სადაც თავი მოიყარა მწერლის ცხოვრების გამოცდილებამ, მისმა ნააზრევმა და განცდილმა, პირადმა და საზოგადოებრვმა. თვითონ ავტორსაც არ უარუყვია, რომ ამ რომანის გმირი მისი მსგავსებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი მეტად განზოგადებული და შემკრებლობითი ტიპია. “მარტინ იდენი” კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და უახლოვდება მაქსიმ გორკის, სუინბერნის, სტივენსონის და სხვა გამოჩენილი რეალისტების ნაწარმოებებს.
„ეს ისევ სიცოცხლე იყო, უკანასკნელი ბრძოლა, უკანასკნელი წამება სიცოცხლისა, ეს იყო უკანასკნელი იერიში, რომელიც მასზე სიცოცხლემ მიიტანა“,– მიუხედავად აღიარებისა, ლონდონი კვლავ განიცდიდა გაჭირვებას და ახლობელ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის მიუხედავად, იგი კვლავ შინაგანად ჩაკეტილ და მარტოხელა კაცად რჩებოდა. ამას თან დაერთო ავადმყოფობაც. არსებობს მოსაზრება, რომ 1916 წლის 22 ნოემბერს, მან ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღებით თავი მოიკლა. მეორე ვერსიით, გლენ ელენში ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმში დაცულია ექიმების მიერ ხელმოწერილი გარდაცვალების ცნობა, რომლის თანახმადაც, გარდაცვალების წინა დღეს, მწერალმა თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ბოლო 6 წელი ჯეკ ლონდონს თირკმელების უკმარისობა აწუხებდა, რომელიც პელაგრას შედეგად განუვითარდა. გარდაცვალების მიზეზად სახელდება ურემია, რომელიც არასწორმა კვებამ და თირკმელების გათიშვამ გამოიწვია. მისი ანდერძის თანახმად მწერლის გვამს კრემაცია ჩაუტარდა.

ჯეკ ლონდონის ცხოვრების სიყვარულ(ებ)ი

უნივერსიტეტში სწავლის დროს ჯეკ ლონდონმა ახალგაზრდა ქალიშვილი მეიბლ ეპლგარტი გაიცნო, რომელიც ოკლენდის წარჩინებული ოჯახიდან იყო. მათ შორის არსებული სოციალური განსხვავების მიუხედავად, ჯეკსა და მეიბლს ერთმანეთი შეუყვარდათ. ერთი პერიოდი დანიშნულებიც კი იყვნენ, მაგრამ სოციალურმა განსხვავებამ ბოლოს მაინც იჩინა თავი და ისინი დაშორდნენ. მეიბლი აღარ გათხოვილა. სწორედ მეიბლი იქცა რუფის პროტოტიპად ჯეკ ლონდონის კიდევ ერთ ავტობიოგრაფიულ რომანში “Martin Eden-მარტინ იდენი”, რომელიც 1909წელს გამოქვეყნდა. მარტინ იდენსა და ჯეკ ლონდონს ბევრი საერთო აქვთ. ორივე დაბალი სოციალური წრიდან იყო გამოსული, ორივეს უყვარდა თავგადასავლები, წიგნები, თავის გასატანად ორივე ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა და ორივეს ერთი სურვილი ამოძრავებდათ, გამხდარიყვნენ ცნობილი მწერლები.
ჯეკ ლონდონმა სოციალისტთა წრეში გაიცნო თავისი მეორე დიდი სიყვარული 17 წლის ანა შტრუნსკი. ის რუს-ებრაელთა ინტელექტუალური ოჯახიდან იყო გამოსული. მაგრამ… 1900 წელს მწერალმა ცოლად შეირთო პროფესიით მასწავლებელი ელიზაბეტ “ბესი” მადერნი, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე საქმრო დაეღუპა. ჯეკსა და ბეს ორი ქალიშვილი შეეძინათ ჯოანა და ბესი “ბეკი”. მათი ქორწინება მეგობრობას უფრო ეფუძნებოდა, ვიდრე სიყვარულს. ბესი ქმარს მხარში ედგა, ასწორებდა და ბეჭდავდა მის მოთხრობებს. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჯეკ ლონდონის, როგორც მწერლის წარმატება, გაუმჯობესდა მისი ფინანსური მდგომარეობა. მთელი ცხოვრება ის ფინანსურად ეხმარებოდა დედასა და “დედა ჯენის”, სახლიც კი უყიდა მათ. 1903 წელს ჯეკ ლონდონმა ბეს განქორწინება სთხოვა. რადგან ბესთან მთელი ქორწინების მანძილზე, მწერალსა და ანას შორის მიმოწერა არ შეწყვეტილა, ბესი დარწმუნებული იყო, რომ ჯეკმა ის ანა შტრუნსკის გამო მიატოვა, მაგრამ მწერლის ცხოვრებაში სულ სხვა ქალი არსებობდა-ჩარმიან კიტრედგე, რომელიც დაახლოებით იმ პერიოდში გაიცნო, როდესაც თავისი პირველი ცოლი.
ჯეკი და ჩარმიანი ორი წელი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. განქორწინების პროცესი 1905 წელს დასრულდა. რის შემდეგაც ჯეკი და ჩარმიანი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ჩარმიანი ქმარზე უფროსი იყო, მაგრამ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, უყვარდათ ჯირითი, მოგზაურობა. ის ყოველთვის მხარს უჭერდა ქმრ

ის ნებისმიერ ახალ წამოწყებას.
ჯეკ ლონდონი ყოველთვის ვაჟზე ოცნებობდა. პირველ ქორწინებაში ორი ქალიშვილი შეეძინა, ჩარმიანმაც ვერ მოახერხა მისთვის სანატრელი ვაჟის გაჩენა. მათი ერთადერთი ქალიშვილი 1911 წელს დაიბადა და მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.

ჯეკ ლონდონის სხვა უკვდავი ფრაზები:
„სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს…“
„სიყვარულში ანგარიშიანობა, მოთხოვნა და ვალი წარმოუდგენელია, სიყვარული ვედრებითა და თხოვნით სასაცილოა“.
„თქვენ გიყვარვართ იმიტომ, რომ მე არ ვგავარ მათ, რომელთაც თქვენ ხვდებოდით“.
„ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები