ვაზიანში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ასეულის გაცილების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოსებ ნოლტე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნაკრები ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა „მტკიცე მხარდაჭერის„ მისიაში მონაწილეობისთვის.

ცერემონიალის დასასრულს ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გაბრიელმა დალოცა.

IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელები გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 6 თვე იმსახურებენ. ქვედანაყოფი IV მექანიზებული ბრიგადის სატანკო და საარტილერიო ბატალიონების პირადი შემადგენლობით არის დაკომპლექტებული.

ავღანეთში გამგზავრებამდე ნაკრებმა ასეულმა, მაიორ გიორგი ნოზაძის მეთაურობით, 2-თვიანი მომზადება ჯერ საქართველოში, ხოლო შემდეგ 5 თვის განმავლობაში გერმანიაში გაიარა. გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა „შვარცენბორნის“ ბაზაზე ამოცანაზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებები განახორციელეს. ჰამელბურგში სერტიფიცირების შემდეგ, ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზადა არის მასზე დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები