ვანო ზარდიაშვილი: ქვეყანამ სპეცსამსახურების მოქმედებით თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ქვეყანამ, სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით, თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია.

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანამ, ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალური მოქმედებით, თავიდან აიცილა ძალიან დიდი ტრაგედია, თუმცა არამხოლოდ შესაბამისმა სამსახურებმა, არამედ ყველამ უნდა იფიქროს ტერორიზმის პრევენციაზე. ამ ფონზე ყველაზე არასწორი ნაბიჯია, დაუპირისპირდე და აკეთო შენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების და უსაფრთხოების სამსახურების საწინააღმდეგო განცხადებები”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მაჩალიკაშვილის გადასარჩენად.
“რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ ამ საქმეზე, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა. დღეს უკვე ნათელია, რომ მგონი ისტორიაში პირველად გვყავს სპეცსამსახურები, რომლებიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან ამოდიან და მათი მოქმედებების ერთადერთი მიზანი სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაა. ამიტომ ყველა ექსპერტს თუ პოლიტიკოსს, რომლებიც საკმაოდ უცნაურ კომენტარებს აკეთებენ, მოვუწოდებ, ნუ გამოიყენებენ ამ თემას თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში მაინც იფიქრონ სახელმწიფოებრივად”, – განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები