ირაკლი სესიაშვილი: ბუნებრივია, ტერორიზმთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნება
“ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო და საზოგადოება საერთო ინტერესების დამცველი და გამტარებელი იქნება.
”გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს. ამიტომ ბუნებრივია სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ტერორიზმთან ან მის გამოვლინებასთან ბრძოლა, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან უსაფრთხოების სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევა, ეს ასევე მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების ცივილიზებულ ცხოვრებას და თითოეული ჩვენგანის გამოწვევაცაა.
ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის, ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ისევ და ისევ ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმისგან, რომ მსგავს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონდეს. მჯერა ხელისუფლების კანონიერი ინტერესებისა, დაიცვას სახელმწიფოს ღირებულებები, მჯერა საზოგადოების გონიერების, რომ ვიყოთ საერთო ინტერესების დამცველები და გამტარებლები”, – განაცხადა სესიაშვილმა.