გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დააკვირდება ამ საქმის მსვლელობის შემდგომ ეტაპს.
„მაშინდელი ხელისუფლების რეაქცია თავიდანვე იწვევდა საზოგადოებაში გარკვეულ ეჭვს და უაღრეს აღშფოთებას. ეს აღშფოთება, თავის დროზე, გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ზოგიერთი ადამიანი, სამწუხაროდ, დაწინაურებული იქნა. რამაც საზოგადოებაში, ბუნებრივად, კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ.
დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმის განხილვას, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების. შეწყალების უფლების მუხლის გამოყენების შემდეგ, მოხდა პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ საერთშორისო თვალსაზრისით, სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს ძალიან ბევრ კითხვას და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ იმიჯს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალაუფლების პრეროგატივების შესუსტებას,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები