ფოლკლორისტსა და პოეტს – ტრისტან მახაურს, 9 იანვარს, ფშავში დაკრძალავენ
58 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი და პოეტი ტრისტან მახაური, 12 წიგნის ავტორი. იგი დუშეთის რაიონის სოფელ გომეწრიდან (1959-2018) იყო. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი სტატუსს ავრცელებს:
„მეტად სამწუხარო ამბის მაუწყებელი ვარ – ჩვენი ტრისტან მახაური გარდაცვლილა დღეს დილას…
არც კი ვიცი, როგორ, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი ტკივილი ამ ძალიან ცუდი ამბის გამო!
ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, დედა-უნივერსიტეტს, ჩვენს მეცნიერებას, ჩვენს მწერლობას, მთელ საქართველოს, ყველას, ვინც კი იცნობდა მას და ესმოდა მისი ფასი!
იგი დაიკრძალება: 9 იანვარს, სამშაბათს, მის მშობლიურ სოფელ გომეწარში (ფშავი).
ულხინოს უფალმა მის სულს და განუსვენოს ცათა შინა მართალთა შორის!“ – წერს მიხეილ ღანიშაშვილი.
ტრისტან მახაური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე და ფოლკლორისტი იყო.
იგი ავადმყოფობდა და ერთი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა.