ამაღამ თბილისში მეტრო, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

31 დეკემბერს, „თბილისის მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს მეტროსადგურებამდე, სადღესასწაულო ღონისძიებების ადგილებამდე და ცენტრალურ უბნებამდე გადაიყვანენ.

რაც შეეხება მეტროს, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით მუშაობს.

მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკით და უფასოდ მოემსახურება შობის ღამესაც. იგი 2018 წლის 6 იანვრის 24:00 საათიდან, 2018 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები