დავით მაისურაძემ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულ ქართველ აზერბაიჯანელებს წიგნი მიუძღვნა

გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემულ წიგნში „მამულიშვილნი“, მოთხრობილია აფხაზეთის ომში მებრძოლი გმირების ბიოგრაფიული ცნობები და რეალური ისტორიები.
ავტორი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს მათი სახელები და სახელმწიფომაც სათანადოდ დააფასოს მათი ღვაწლი.
ავტორი გვიყვება ომის ვეტერან ქაჰრამან მუსაევზე, რომელიც თბილისელი მასწავლებლის ისფანდიარ მუსაევის ოჯახში დაიბადა და საკმაოდ კარგი განათლება მიიღო.
„1992-93 წლების ომის დროს მუსაევს არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან მძიმე მოვალეობები ეკისრებოდა. ერთის მხრივ, მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული შეიარაღებული თავდასხმები, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობები უნდა აღეკვეთათ კონფლიქტის ზონაში, მეორე მხრივ კი, თითქმის ღია ბრძოლებში უნდა ჩაბმულიყვნენ ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულ კრიმინალურ დაჯგუფებებსა და აფხაზეთში ორგანიზებულ ბაგრამიანის სომხური ბატალიონის წინააღმდეგ“, – წერს ავტორი.
თავად ვეტერანი კი ყვება, რომ მათი ჯგუფი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე წინა ხაზზე იბრძოდა.
„ეს იყო ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებით სოფელ ლაბრასთან გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ჩვენი პოზიციები მუდმივად იბომბებოდა სუ-24 ტიპის თვითმფრინავებით, ასევე მუდმივად ფეთქდებოდა ჩვენს ირგვლივ ნაღმები. არავინ ელოდა ცოცხლად გადარჩენას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებთან ერთად იბრძოდნენ ქართველი აზერბაიჯანელები თავდადებითა და თავგანწირვით. მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ფრონტიდან არავინ გარბოდა“, – ყვება წიგნში თავად ქაჰრამან მუსაევი.
საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, აზერბაიჯანელი ქართველების ბევრ საგმირო საქმეზე მივიღებთ ინფორმაციას. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც დღევანდელ რეალობაშიც ქართველი ხალხის გვერდით დგანან… იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები