„ჯოი“ – „ახალ „მზიურში“ თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება
29 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ახალ „მზიურში“ თავისუფალი კინოჩვენება გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ისეთი ფილმის ჩვენებაზე იწვევენ მსურველს, საახალწლო განწყობას რომ შეეფერება და რომლის მთავარმა გმირმაც უდიდეს წარმატებას მხოლოდ იმის ხარჯზე მიაღწია, რომ ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, იმოქმედა და არ დანებდა…
ეს არის რეჟისორ დევიდ ო. რასელის ფილმი „ჯოი“, რომელიც 2015 წელს ამერიკის შეერტებულ შტატებში გადაიღეს.
„წარმატებამდე გზა ყოველთვის წარუმატებლობების სიაზე გადის. ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს. ვეცემით, გვიჭირს… ხშირად, გვეშინია… გვადარდებს ყველაფერი რაც კი რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ჩვენს ჩანაფიქრთან…
ფაქტი ერთია, თითქმის ყველა წარმატებული და წარუმატებელი ადამიანი საკუთარი ისტორიის მოყოლას, ასე ვთქვათ, ერთნაირი, „ჩავარდნილი“ ამბებით იწყებს შემდეგ კი მათი თხრობის ხაზი იყოფა …
წარმატებას აღწევენ ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან, წარუმატებელი ადამიანების უმრავლესობა კი დანებებულია…
წინასაახალწო პარასკევი, ზუსტად მიზნების ჩამოწერისთვის და სხვისი მიღწეული მიზნის შესახებ, ჯადოსნური ფილმის ნახვისთვის შესაფერისი საღამოა.
გელით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ჩვენება გაიმართება კაფეს სივრცეში. ადგილის სიმცირის გამო, დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 ადამიანი. ამისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
დასწრება თავისუფალია.
“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, პროექტ “ახალი მზიურისა” და ორგანიზაცია “აჰუაჰუ” “თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით; სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის. პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.