“მომავალი წლის გამოწვევა მართვის მოწმობების გაცემა იქნება, გვინდა, რომ გამოცდის ნაწილი ქალაქში გადავიდეს”

“მართვის მოწმობების გაცემა მომავალი წლის გამოწვევა იქნება, ჩვენ გვინდა, რომ გამოცდის ნაწილი გადავიდეს ქალაქში”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრანსპორტსა და გზებზე არსებულ მთავარ გამოწვევებსა და არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საცობების დასაძლევად, ბევრი საკითხია გადასაჭრელი. მისივე თქმით, გამოწვევა დამატებითი ავტობუსების შეძენა და მეტროს ვაგონების განახლება-დამატება იქნება.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ არ განვითარდა, საცობებს ვერ დავძლევთ. ვიმედოვნებ, გარკვეული გეგმა იქნება ამასთან დაკავშირებით შემუშავებული. არაფერი არ გაკეთებულა პარკინგის თვალსაზრისით, ამიტომ ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
გამოწვევებს რაც შეეხება, დედაქალაქის მერიისთვის და მთავრობისთვის დამატებითი ავტობუსების შეძენა და მეტროს ვაგონების განახლება-დამატებაა საჭირო, მეორე საკითხად პერიოდული ინსპექტირების აუცილებლობა რჩება, ამ მხრივ აღსრულების მექანიზმია მოსაგვარებელი და პერსონალიც გადასამზადებელი იქნება”,-აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
მესხიშვილის თქმით, საგზაო ნიშნების საკითხის მოგვარებაც მნიშვნელოვანია, რაც ხშირად აიძულებს მძღოლს, დაარღვიოს მოძრაობის წესები.
“რაც შეეხება საგზაო ნიშნების საკითხს, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მძღოლები ხანდახან იძულებით არღვევენ წესებს. უნდა არსებობდეს საგზაო ნიშნების სტანდარტი, ქალაქში ბევრი “შავი წერტილიცაა”, სადაც უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება.
მართვის მოწმობების გაცემა მომავალი წლის გამოწვევა იქნება. ჩვენ გვინდა, რომ გამოცდის ნაწილი ქალაქში გადავიდეს, ამაზე ევრო-დირექტივაც არსებობს. ამ სფეროში რაც აურზაური არსებობს, პირდაპირ აისახება ავტოსაგზაო შემთხვევებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგამოცდო ტესტებიც მთლიანად შესაცვლელია და ამაზე ვერ ვთანხმდებით კიდევ. დღეს შესაძლებელია არ იცოდე არაფერი და მართვის მოწმობა აიღო”,-განაცხადა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები