სუს-ი: ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ

„ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ“, -ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
გიორგობიანის განმარტებით, ის პირები, რომლებიც სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა დღეს დააკავა, ახმედ ჩატაევს და მის თანამზრახველებს ჯერ თურქეთში გადასვლაში დაეხმარნენ, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში, ასევე, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან, მოპოვებულია აუდიო-ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, დღეს დილით, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები